
თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, ის არა სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, არამედ სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისი მტკიცებით, რუსეთი უკრაინაში „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" ატარებს და ევროპაზე თავდასხმის განზრახვა არ აქვს.
„რუსეთი ამას არ აპირებს. ეს საერთოდ არაფერში არ გვჭირდება. თუ ევროპა მოულოდნელად განახორციელებს ჩვენს წინააღმდეგ ომისთვის მზადების მუქარას და დაიწყებს თავდასხმას რუსეთის ფედერაციაზე, მაშინ, როგორც [პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა] განაცხადა, ეს არ იქნება ჩვენი მხრიდან სპეციალური სამხედრო ოპერაცია. ეს იქნება სრულმასშტაბიანი სამხედრო პასუხი ყველა არსებული საშუალებით, ამ საკითხთან დაკავშირებული დოქტრინული დოკუმენტების შესაბამისად", - აღნიშნა ლავროვმა.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია ლავროვის განცხადებას პროვოკაციულს უწოდებს და ფიქრობს, რომ რუსეთს რაღაც აქვს ჩაფიქრებული.
„ლავროვის განცხადება პროვოკაციულია. რუსეთს უნდა, რომ ავადმყოფი თავიდან ჯანმრთელზე გადმოიტანოს, რუსული ტერმინია.
- როგორც ჩანს, კრემლი რაღაცისთვის ემზადება, ვინაიდან სერგეი ლავროვი ასეთ განცხადებას არ გააკეთებდა.
სავარაუდოდ, რუსეთის გენშტაბში შემუშავებულია ევროპის გარკვეულ სახელმწიფოებზე თავდასხმის გეგმა. შეიძლება სუვალკის კორიდორის საკითხი წამოიჭრას, რომელიც 70 კილომეტრის სიგრძისაა, რაც ბელარუსს რუსეთის კალინინგრადის ანკლავთან აკავშირებს და გადის ლიეტუვასა და პოლონეთის ტერიტორიაზე",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".