
"ქართული ოცნება" აშშ-სთან პარტიორობის განახლების კუთხით გრძელვადიანი მოთმინების რეჟიმში გადადის. პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილისა და აშშ-ს ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების შეხვედრის შემდეგ მმართველ პარტიაში ალაპარაკდნენ იმაზე, რომ ურთიერთობის გამოსწორება ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესი იქნება.
ამის პარალელურად, 9 თებერვლიდან ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სამხრეთ კავკასიაში ტურნეს იწყებს. დაგეგმილია სომხეთ-აზერბაიჯანში ვიზიტები და შეხვედრები, თუმცა, საქართველო ნახსენები არაა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ თუ ყაველაშვილს სურს შეხვედრა გაიგოს რას ნიშნავს, ეს სომხეთ-აზერბაიჯანში უნდა ნახოს.
"თუ ყაველაშვილს უნდა გაიგოს, რას ნიშნავს შეხვედრა, ბაქოსა და ერევანში იხილოს, მისი შეხვედრა შეხვედრა არ იყო, ეს იყო ხელის ჩამორთმევა - გამოვრიცხავ, წამებში ამდენ ნიუანსზე ყოფილიყო საუბარი",- განაცხადა "გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი შარაშიძემ.
როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, იტალიაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საზეიმო ვახშამზე, მას მიეცა შესაძლებლობა გასაუბრებოდა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის. მისი თქმით, "ძალიან თბილი შეხვედრა იყო, ვიცე პრეზიდენტმა პატრიარქიც ახსენა და კარგი სიტყვები არ დაიშურა".
"საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება ალბათ დეტალებში ჩასვლას, რომ ეს ყველაფერი გაიწმინდოს და ჩვენი ურთიერთობები, როგორც შეეფერება ორ ქვეყანას, ისე აღდგეს, დაიწყოს ნორმალური ურთიერთობები",- ამბობს "იმედთან" ყაველაშვილი.
"აშშ-ის წინა ადმინისტრაციამ ქართულ - ამერიკული ურთიერთობები იმდენად დააზიანა, გამოსწორება ძალიან რთული იქნება - ეს რთული, მაგრამ დაძლევადი პროცესია",- დასძენს "ქართული ოცნების" დეპუტატი თენგიზ შერმანაშვილი.
"ძალიან თბილი შეხვედრა"
ევროპული კვლევევის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ შეხვედრა მართლაც შედგა და საუბარი მართლაც იყო, საკითხავია დამატებით რა უთხრეს აშშ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.
"ქართულ ოცნებას" უნდა, რომ რაღაცნაირად აღადგინოს გარკვეული სტატუს-კვო, რომელიც აშშ-სთან ადრე არსებობდა, ხედავს ამას ვერ აკეთებს. არ ვიცით საერთოდ ჰქონდათ თუ არა შეხვედრა, ვთქვათ ჰქონდა - ერთის მხრივ რაღაც ნათქვამი გააშუქა, მაგრამ რაზე იყო საუბარი და იმათმა რა უთხრეს, ამაზე ყველაფერი არ ვიცით. იმათ ბაიდენის კრიტიკა ძალიან უხარიათ, მაგრამ ამის გარდა კიდევ რა უთხრეს?
"ალბათ უთხრეს, რომ ქვეყანა ამ სკანდალური მდგომარეობიდან უნდა გამოიყვანონ, რომ მოკავშირეები მხოლოდ ავტორიტარული ბოროტი ღერძის ქვეყნები ჰყავს - რუსეთი, ირანი და ა.შ. შეუძლებელია ამაზე არ ესაუბრა და შეიძლება უთხრა, რომ ჯერ დემოკრატიული რეფორმები დააბრუნეთ და მერე ვნახოთ. ამათმა ის თქვეს, რაც აწყობდათ, მთავარია ფაქტის დაფიქსირება, რომ შეხვდნენ.
"ტრამპის ადმინისტრაცია მინიმალურ დემოკრატიის სტანდარტს კი ითხოვს, მაგრამ არა მაინცდამაინც ქვეყნის დემოკრატიულ რელსებზე დადგომას, ამიტომაც ესენი ალბათ რაღაც შანსს ხედავენ, თუ მინიმალურად რაღაცეებს გავაკეთებთ, ციხიდან ხალხს გამოვუშვებთ, ზოგიერთ კანონებს შევარბილებთ და ვაჩვენებთ, რომ ვითომ გავკეთილშობილდით, შეიძლება აშშ-მა ურთიერთობები აღადგინოს.
"ოცნებას" აწყობს კიდეც, რომ აშშ-სთან დაძაბულობა დიდხანს გაგრძელდეს, ამ შემთხვევაში რუსეთი კმაყოფილი ეყოლებათ. აბსოლუტურად არ აწყობთ აშშ-ს ადმინისტრაციიდან აქ ვინმე ჩამოვიდეს და მხარდაჭერა გამოგვიცხადოს. რუსეთისთვის ეს მალამოსავითაა, რომ აშშ-სთან ურთიერთობა გაფუჭებულია.
"შესაძლოა ეს მდგომარეობა გარკვეული ხნით აწყობთ, როცა უკრაინაში ომი დამთავრდება, შეიძლება აშშ-მა და ევროპამ ძალიან ხისტი პირობები წაუყენოს, თუ არა მის არსებობას არანაირად ხელს არ შეუწობს",- განაცხადა გოგოლაშვილმა.
- კახა გოგოლაშვილი: "ოცნებას" აწყობს კიდეც, რომ აშშ-სთან დაძაბულობა დიდხანს გაგრძელდეს. აბსოლუტურად არ აწყობთ აშშ-ს ადმინისტრაციიდან აქ ვინმე ჩამოვიდეს და მხარდაჭერა გამოგვიცხადოს. რუსეთისთვის ეს მალამოსავითაა, რომ აშშ-სთან ურთიერთობა გაფუჭებულია"
როგორც ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე "რეზონანსთან" აცხადებს, კარგია, რომ ღირებულებით ნაწილში ტრამპის ადმინისტრაციისა და "ოცნების" პოზიციები ემთხვევა.
"კარგია, რომ საუბარი თბილი იყო. კარგია ითქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ასეთ პოლიტიკას ატარებს და არის ფასეულობები, რომელსაც "ქართული ოცნება" ნამდვილად იზიარებს, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა - გენდერთან დაკავშირებით მთელს დასავლეთში ნამდვილი გარღვევა იყო, თვითინ ტრამპმა ხელიც კი მოაწერა, რომ მხოლოდ ორი გენდერია და ბევრი სხვა რამ.
"თუმცა. ისმის კითხვა, აწი განვითარება როგორი უნდა იყოს? ვითარება მეტად რთულია - უკრაინაში ომია, შეთანხმება მიღწეული არაა, ივნისამდე ალბათ ძვრა არ იქნება. საქართველოს ტერიტორიაზე ორი რუსული ბაზა დგას, ამ ფონზე რთული სათქმელია რა იქნება.
რას ნიშნავს ისევ რომ ამბობენ და კობახიძემაც განაცხადა, რომ სტრატეგიული პარტნიორობა გვინდა? სტრატეგიული პარტნიორობა ხელის ჩამორთმევა და განცხადებები არაა, ეს კონკრეტული მოქმედება ორივე მხრიდან.
"შესაძლოა კრემლი გააღიზიანოს და ნებისმიერ კონკრეტულ მოქმედებას შეხედოს, ეს იარაღის გადაცემა იქნება, თუ სხვა და აქტიური მოქმედება გამოიწვიოს უკვე კრემლის მხრიდან, ამიტომ დიდი სიფრთხილეა საჭირო.
ეჭვის თვალით ვუყურებ თავად აშშ-ს მხრიდან სურვილს სტრატეგიული პარტნიორობის განახლების თაობაზე, რადგან ტრამპი მოქმედებს ასე - თუ პირადად მისთვის რაიმე ფინანსური ინტერესი, ან ისეთი პერფორმანსია, რომლითაც კონფლიქტის მოგვარებაზე განაცხადებს, მაშინ იმოქმედებს და ისე - არა",- განაცხადა მან.
ურთიერთობების აღდგენას "საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება"
კახა გოგოლაშვილი გვეუბნება, რომ ამერიკელები ახლა ურთიერთობების გადატვირთვაზე არ წამოვლენ.
"დრო დასჭირდებაო იმიტომ თქვა რომ კარგად ესმის ამერიკელები ახლა ამაზე არ წამოვლენ, სანამ საქართველოში უკანონოდ დაკავებული ყველა პატიმარი არ გათავისუფლდება, პოლიტიკური პარტიები არ გათავისუფლდებიან ისე, როგორც ადრე იყო, კანონები შესაბამისად არ შეიცვლება, რომ მინიმალური დემოკრატიული სტანდარტი მაინც დააკმაყოფილოს".
- პეტრე მამრაძე: "შესაძლოა კრემლი გააღიზიანოს და ნებისმიერ კონკრეტულ მოქმედებას შეხედოს, ეს იარაღის გადაცემა იქნება, თუ სხვა და აქტიური მოქმედება გამოიწვიოს უკვე კრემლის მხრიდან, ამიტომ დიდი სიფრთხილეა საჭირო".
მამრაძე გვეუბნება, რომ აშშ-ში სიტუაცია გვკარნახობს, რომ ურთიერთობების აღდგენას დიდი დრო დასჭირდება.
"ვინც საქართველოსთან ურთიერთობაში რაღაცნაირადაა დაკავშირებული რიში იქნება ეს, უილსონი თუ სხვა, კონგრესსა და სენატში ამათი საპირისპირო განცხადება პრაქტიკულად არ მოგვისმენია იმაზე, რომ არა ეს ცილისწამება და ტყუილია. ტრამპის ადმინისტრაციამაც საქართველოს გამო კონგრესის წინააღმდეგ რომ გაილაშქროს, ესეც არ გვინახავს"- განაცხადა მამრაძემ.
ვენსის ვიზიტი სომხეთ-აზერბაიჯანში
კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ საქართველოს უგულებელყოფა ნიშნავს, რომ აშშ "ოცნებას" მხარს არ უჭერს.
"აქ რისთვის უნდა ჩამოსულიყო, იქ სალაპარაკო აქვთ და სომხეთთან საერთოდაც სტრატეგიული შეთანხმება დადეს. იქ კონკრეტული ამოცანა აქვთ ზანგეზურის დერეფნის და ალბათ ირანის საკითხიც. საქართველოსთან ამ შემთხვევაში არანაირი ინტერესი არაა, ისინი ძალიან რთულ სიტუაციას ხედავენ.
"რომ ჩამოსულიყო ეს აშკარად ამ რეჟიმის მხარდაჭერა და მისი ცნობა იქნებოდა. რომ არ ჩამოდის ნიშნავს, რომ მხარს არ უჭერს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ აბსოლუტურად არ ცნობს, როგორც ძალას, რადგან ნახევარ მსოფლიოში არალეგიტიმური ხელისუფლებებია და ეს არ ნიშნავს, რომ აშშ ყველასთან წყვეტს ურთიერთობას, ვისთანაც ლეგიტიმური ხელისუფლება არაა.
პეტრე მამრაძე კი აცხადებს, რომ ვენსის ვიზიტი საქართველოში კრემლს მხოლოდ გააღიზიანებდა.
"აზერბაიჯან-სომხეთში ვენსის ჩასვლა გასაგებია, ტრამპის გზა და ა.შ. ჩვენთან არაფერი მსგავსი არაა. რომ ჩამოსულიყო, მაშინ უნდა ეთქვა, რომ მხარს ვუჭერთ, რათა ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს და ამას ვენსი არ იზამს, ეს კრემლს მხოლოდ გააღიზიანებს და ჩვენთვის მხოლოდ ცუდი იქნება, ამერიკა ახლა ცდილობს პუტინი მშვიდობის პროექტზე დაიყოლიოს",- განაცხადა მან.
კითხვაზე, საქართველოს უგულებელყოფა ნიშნავს თუ არა, რომ ტრამპის ადმინისტრციას "ოცნებასთან" კარგი ურთოერთობა არ აქვს, მამრაძემ გვითხრა:
"რა თქმა უნდა ნიშნავს და ადმინისტრაცია ანგარიშს უწევს კონგრესში საქართველოს მიმართ განწყობას. მე არ გამიგია კონგრესსა და სენატში ჩვენი ხელისუფლების ლობისტები იყვნენ.
"საბაბსაც და მიზეზსაც ვერ ვხედავ ამ ეტაპზე ამერიკის ადმინისტრაციიდან ვინმე რატომ უნდა ჩამოდიოდეს. შეიძლება კრემლის გაღიზიანება გაცილებით უფრო ძვირად დაგვიჯდეს, ვიდრე აშშ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან სიმბოლური ხელის ჩამორთმევები და ჩახუტებები".