
ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთსა და რუსეთს ბირთვული იარაღის კონტროლზე ახალი ხელშეკრულების გაფორმებისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ ვაშინგტონი მშვიდად არ იქნება, „ვიდრე პეკინი და მოსკოვი თავიანთ არსენალს აძლიერებენ“. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აღნიშნავს, რომ ვაშინგტონი მოსკოვსა და პეკინს ბირთვული შეიარაღების კონტროლისა და სტრატეგიული სტაბილურობის შეთანხმების ვადის ამოწურვის შემდეგ საკითხებზე მრავალმხრივი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს.
„მოლაპარაკებები სამ პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს: პირველ რიგში, შეიარაღების კონტროლი აღარ შეიძლება იყოს მხოლოდ აშშ-სა და რუსეთს შორის ორმხრივი საკითხი. როგორც პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, სხვა ქვეყნებსაც აქვთ პასუხისმგებლობა სტრატეგიული სტაბილურობის უზრუნველყოფაში, განსაკუთრებით კი - ჩინეთს. აშშ არ მიიღებს პირობებს, რომლებიც აზიანებს შეერთებულ შტატებს ან იგნორირებას უკეთებს ვალდებულებების შეუსრულებლობას მომავალი შეთანხმების დადების პროცესში. რუსეთს და ჩინეთს არ უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ შეერთებული შტატები მშვიდად იქნება, ვიდრე ისინი თავიდან იცილებენ ვალდებულებებს და აფართოებენ თავიანთ ბირთვულ ძალებს. ჩვენ შევინარჩუნებთ ძლიერ, საიმედო და მოდერნიზებულ ბირთვულ შემაკავებელ ფაქტორს“, - განაცხადა რუბიომ.
ცნობისთვის, რუსეთსა და აშშ-ს შორის დადებულ ბირთვული შეიარაღების კონტროლთან დაკავშირებულ უკანასკნელ შეთანხმებას ვადა 5 თებერვალს ამოეწურა. ორი ყველაზე დიდი ატომური ქვეყნის არსენალზე ნახევარი საუკუნის განმავლობაში პირველად იხსნება შეზღუდვები.