
საქართველოს მთავრობა ინვესტიციების დაცვის და ხელშეწყობის კანონის მიღებას გეგმავს - ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში, რომელიც 2026 წლის საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტისთვის წარსადგენი კანონპროექტების ჩამონათვალს მოიცავს. განკარგულების თანახმად, ინვესტიციების დაცვის საკითხები ახალი კანონით მოწესრიგდება, რომელიც 1996 და 2006 წლებში მიღებულ ორ კანონს ჩაანაცვლებს.
არსებული მდგომარეობით, ინვესტიციების დაცვის საკითხები განსაზღვრულია - საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ 1996 წლის და ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ 2006 წლის კანონებით. მთავრობის განკარგულების თანახმად, საკანონმდებლო ჩარჩო ქვეყანაში ახალი ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთი წინაღობაა და ახალმა კანონმა საერთაშორისო ინვესტორებს უნდა მისცეს მკაფიო ინფორმაცია თუ როგორ შეუწყობს და დაიცავს სახელმწიფო მათ ინვესტიციებს.
„ბოლო ათწლეულების განმავლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ინვესტიციებისა და ბიზნესკლიმატის თვალსაზრისით მრავალი დაბრკოლება მოიხსნა. თუმცა, საინვესტიციო კლიმატის შემდგომი გაუმჯობესებისათვის, ინვესტიციების ხელშემწყობი ინსტიტუტებისა და შიდა პოლიტიკის განვითარების გარდა, აუცილებელი გახდა უფრო მოქნილი საკანონმდებლო ბაზის შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება „ინვესტიციების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღება, რომელიც ჩაანაცვლებს საქართველოს კანონებს „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ და „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“. კანონის პროექტი, თავის მხრივ, მიმართულია საქართველოს ტერიტორიაზე ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე, ვაჭრობისა და ინვესტიციების განვითარებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნაზე, ინვესტორისა და ინვესტიციის სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფასა და ზოგადად, ქვეყნის მდგრადი, ეკონომიკური და სოციალური განვითარების ხელშეწყობაზე. კანონის პროექტის მიღება ხელს შეუწყობს საინვესტიციო კანონმდებლობის გაუმჯობესებას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. ახალი საინვესტიციო კანონმდებლობა უზრუნველყოფს ქვეყანაში მდგრადი, გამჭვირვალე და პროგნოზირებადი სამართლებრივი გარემოს ჩამოყალიბებას ინვესტიციების მოსაზიდად“, - აღნიშნულია განკარგულებაში.
ინვესტორთა დაცვის მიმართულებით უმთავრესი საკითხი საკუთრების უფლებებია. ჯერჯერობით, უცნობია თუ რას ჩაწერს მთავრობა აღნიშნულ კანონპროექტში ინვესტორთა საკუთრების უფლების დაცვის საკითხების შესახებ.