
ამ წუთებში, განათლების სამინისტროში შეხვედრა იწყება. განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრაზე სასწავლო დაწესებულებების გაერთიანების საკითხზე იმსჯელებენ.
შეხვედრის დაწყებამდე, უნივერსიტეტების წარმომადგენლების მხრიდან მედიასთან კომენტარები გაკეთდა. თსუ-ს ლექტორი, ზაქარია ქიტიაშვილი: „ჩვენ მხარეს არის მეცნიერება, კვლევები, ხოლო მათ მხარეს არის მხოლოდ სურვილები, თუნდაც კარგი. თუკი ისინი მიიჩნევენ, რომ უნდათ ხარისხის გაზრდა, ოღონდ, ჯერჯერობით, სურვილები და არა დოკუმენტები“.
ლექტორი ანასტასია ქიტიაშვილი: „ჩვენ დავაფიქსირეთ მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზედაც, რომ არ ვუჭერთ მხარს თსუ-სა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას, ამ ეტაპზე, ამ კონტექსტის გათვალისწინებით“.
ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, ქეთევან ქუთათელაძე: „მე შემიძლია გითხრათ, რომ ინჟინერია არის რთული დარგი, მისი რეფორმა შესაძლებელია არსებული ინსტიტუციის ფარგლებში. ჩვენ რეფორმას ვემხრობით, განვითარება გვინდა და დახმარებაც გვინდა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ უფრო ეფექტიანი არსებული ინსტიტუციის შენარჩუნება იქნება“.
მანამდე, აკადემიური სფეროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა მინისტრის მოადგილემ გამართა. ინიციატივის მთავარ მიზნად სახელდება განათლების ხარისხის და კვლევითი-სამეცნიერო საქმიანობის ფუნქციების გაზრდა.