რეზონანსი
05.02.2026

ევროკავშირს არ აქვს და ვერ ექნება უფლება, მოითხოვოს ევროკავშირის მიღმა მყოფი სახელმწიფოებისგან საკუთარი სანქციური რეჟიმების შესრულება. ეს პირდაპირ და საჯაროდ დაადასტურა ევროკავშირის სანქციების სპეციალურმა წარმომადგენელმა დევიდ ო სალივანმა The Guardian-თან ინტერვიუში, სადაც აღნიშნა: ევროკავშირის არაწევრი არც ერთი ქვეყანა ვალდებული არ არის, დაიცვას ევროკავშირის სანქციები - წერს ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, საქართველოს არასოდეს გამოუვლენია არც ერთი შემთხვევა - არც აკრძალული საქონლის რეექსპორტის, არც ფინანსური სქემების, არც ინსტიტუციური ხელშეწყობის თვალსაზრისით. არც ევროკავშირის და არც აშშ-ის ოფიციალურ გამოძიებებში არ არსებობს საქართველოს მიმართ მსგავსი დასკვნა.

მისი შეფასებით, ამ ეტაპზე საქართველო მოქმედებს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში და სწორედ ეს აღიზიანებს ყველაზე მეტად მათ, ვინც სამართალს პოლიტიკური შანტაჟით ჩანაცვლებას ამჯობინებს.

„საქართველოს მისამართით პრეტენზიები იმის გამო, რომ იგი არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, ეფუძნება იურიდიული ცნებების - პოლიტიკურ მოლოდინებად ჩანაცვლებას. ევროკავშირს არ აქვს და ვერ ექნება უფლება, მოითხოვოს ევროკავშირის მიღმა მყოფი სახელმწიფოებისგან საკუთარი სანქციური რეჟიმების შესრულება. ეს პირდაპირ და საჯაროდ დაადასტურა ევროკავშირის სანქციების სპეციალურმა წარმომადგენელმა დევიდ ო სალივანმა The Guardian-თან ინტერვიუში, სადაც აღნიშნა: ევროკავშირის არაწევრი არც ერთი ქვეყანა ვალდებული არ არის, დაიცვას ევროკავშირის სანქციები. შესაბამისად, საუბარი იმის შესახებ, თითქოს საქართველომ „დაარღვია“ სანქციები, იურიდიულად თავიდანვე უსაფუძვლოა.

მანიპულაციის მეორე "სერია" - არის მცდელობა, "არ შეერთება" გაუთანაბრდეს სანქციების გვერდის ავლას. ეს ფუნდამენტურად განსხვავებული ცნებებია. სანქციების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში საქართველო ერთხელაც არ გამოუვლენიათ სანქციების გვერდის ავლაში - არც ევროკავშირის თუ აშშ-ის არც ერთ ოფიციალურ გამოძიებაში. არ არსებობს არც ერთი დადასტურებული შემთხვევა - რომელიმე აკრძალული საქონლის რეექსპორტის, არც ფინანსური სქემების, არც ინსტიტუციური ხელშეწყობის თვალსაზრისით. მიუხედავად ადგილობრივი უსამშობლოების ამ კუთხით მუდმივი ჩასაფრების პოლიტიკისა. ეს არის ფაქტი, რომელსაც კრიტიკოსები სისტემურად უგულებელყოფენ.

ამავე დროს, ცრუ ბრალდებები არაერთხელ გაჟღერდა - მედიური ფეიკების, პოლიტიკური განცხადებებისა და შიდა ოპოზიციური ნარატივების სახით. ყოველ ჯერზე ეს ბრალდებები ან შემოწმებისას ქრებოდა, ან საერთოდ ვერ აღწევდა ფორმალური გამოძიების დონეს. საგულისხმოა, რომ სხვა ქვეყნებში სანქციების რეალური გვერდის ავლის შემთხვევებზე ევროკავშირი მოქმედებდა სწრაფად და მკაცრად - მათ შორის სანქციური ზომებისა და შეზღუდვების გამოყენებით. საქართველოს შემთხვევაში მსგავსი არაფერი მომხდარა, რაც თავისთავად წარმოადგენს სანქციების დარღვევის შემადგენლობის არარსებობის ირიბ დადასტურებას. შედეგი მარტივია და კრიტიკოსებისთვის უხერხული: საქართველოს ვერ დაადანაშაულებ ვერც სანქციების დარღვევაში და ვერც მათ გვერდის ავლაში.

ყველაფერი დანარჩენი არის ევრობიუროკრატების მხრიდან პოლიტიკური ზეწოლა, შეფუთული მორალურ რიტორიკაში. რეალური დისკუსია უნდა მიმდინარეობდეს არა კატეგორიაში „ვალდებულია თუ არ არის ვალდებული“ - არამედ ეროვნული ინტერესების, უსაფრთხოების რისკებისა და ეკონომიკური მდგრადობის ჭრილში. ამ ეტაპზე კი საქართველო მოქმედებს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში - და სწორედ ეს აღიზიანებს ყველაზე მეტად მათ, ვინც სამართალს პოლიტიკური შანტაჟით ჩანაცვლებას ამჯობინებს. ასე რომ, დევიდ ო სალივანს ახალი არაფერი უთქვამს - ოთხი წლის განმავლობაში მისი დუმილია უფრო მრავლისმეტყველი.“ - წერს ქართველიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×