რეზონანსი
05.02.2026

ლევან მაჭავარიანი რუსეთთან დიალოგის შესახებ დასავლელი პოლიტიკოსების პოზიციის ცვლილებას უპასუხისმგებლოდ მიიჩნევს. საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ 4 წლის განმავლობაში ეს აქტორები უკრაინას აგულიანებდნენ და კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებას კრძალავდნენ.

„ეს მიუთითებს მხოლოდ მათ უპასუხისმგებლო საქციელსა და პოლიტიკაზე, იქიდან გამომდინარე, რომ ეს აქტორები აგულიანებდნენ უკრაინას, რომ მათი დახმარებით უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებდა. აგულიანებდნენ და ჰპირდებოდნენ, რომ დაჩქარებული წესით ნატოსა და ევროკავშირში მიიღებდნენ, ჰპირდებოდნენ, რომ გაყინულ რუსულ აქტივებს უკრაინას გადასცემდნენ. დღეს ეს ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა და მათ გაწირეს უკრაინა, მოიქცნენ ასე უპასუხისმგებლოდ და ვინ იღებს იმაზე პასუხისმგებლობას, რომ 4 წელი ამყოფეს ასეთ მდგომარეობაში? ათობით მილიონი უკრაინელი უსახლკაროდ არის დარჩენილი, მილიონამდე დაღუპულია, ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურებულია. იმ ადამიანებს, ვინც 4 წელი ამ კოშმარში ცხოვრობენ, რამდენი წელი დასჭირდებათ ამ ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამოსასვლელად? აი ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანეს უკრაინა და ახლა უპასუხისმგებლოდ იქცევიან და აცხადებენ, რომ თურმე რუსეთთან საუბარი ყოფილა საჭირო, მაშინ როდესაც სწორედ ეს აქტორები, 4 წლის განმავლობაში აბსოლუტურად ყველას უკრძალავდნენ რუსეთთან საუბარს და დიპლომატიის გზით ამ კონფლიქტის დასრულებას“, - აცხადებს მაჭავარიანი.

დასავლეთი რიტორიკას ცვლის და რუსეთთან დიალოგის აუცილებლობის შესახებ საუბრობს. ამჯერად ლატვიის პრემიერ-მინისტრმა და ესტონეთის პრეზიდენტმა ევროპას მოუწოდეს, კრემლთან დიალოგის აღსადგენად სპეციალური წარმომადგენელი დანიშნოს. მათი თქმით, რუსეთთან ნებისმიერი კომუნიკაცია უკრაინასთან კონსულტაციით უნდა წარიმართოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×