
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შესწავლის მიზნით შექმნილი პარლამენტის დროებითი კომისიის შემადგენლობა 14 წევრით განისაზღვრა. 14 წევრიდან ფრაქციას „ქართული ოცნება“ 7 წევრი ეყოლება, ფრაქციას „საქართველოსთვის“ - 3 წევრი, პოლიტიკურ ჯგუფს „ხალხის ძალა“ - 3 წევრი და პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპელი სოციალისტები“ - ერთი წევრი.
კერძოდ, ფასების შემსწავლელ დროებით კომისიაში იქნებიან: რაქცია „ქართული ოცნების“ წევრები: შოთა ბერეკაშვილი, პაატა კვიჟინაძე, გელა სამხარაული, ზაზა ლომინაძე, ვახტანგ თურნავა, ნინო წილოსანი და მაია ბითაძე; ფრაქცია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები: შალვა კერესელიძე, გიორგი შარაშიძე და ქეთევან ბარაკაძე; პოლიტიკურ ჯგუფის „ხალხის ძალა“ წევრები: დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი და ეკა სეფაშვილი; პოლიტიკურ ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები“ წარმომადგენელი: ილია ინჯია.
როგორც ცნობილია, კომისია მუშაობას მიმდინარე კვირასვე დაიწყებს. საპარლამენტო კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს.
სასურსათო პროდუქტის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებულ საკითხებზე კომისია შექმნილია მთავრობის ადმინისტრაციაში. კომისიას პრემიერი-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში, ევროპასთან შედარებით სურსათი ძვირია, რადგან არის მაღალი ფასნამატი და მოგება. სამომხმარებლო ფასების შესწავლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც დაიწყო.