
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა ტურიზმის განვითარებისთვის საჭირო საკითხები განიხილეს.
„მორიგი შესაძლებლობაა ჩვენთვის, რომ დავაინტერესოთ ერთის მხრივ პოტენციური ინვესტორები, რომ ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით განახორციელონ ინვესტიცია, ხოლო მეორეს მხრივ - მსოფლიო ლიდერებთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის ურთიერთობების და განსაკუთრებით სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გამყარებაზე. დღეს ჩვენ ასევე გვქონდა ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო პირველი გაცნობითი შეხვედრა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ახალ ხელმძღვანელთან, მასთან ერთად ჩვენ უკვე დავსახეთ ძალიან კონკრეტული სამოქმედო გეგმა, ახალი ინიციატივები, რომლებიც განსაკუთრებით გააძლიერებს ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრიას. განსაკუთრებით გამოვყოფდი განათლების ახალ შესაძლებლობებს იმისთვის, რომ ტურიზმი, როგორც პროფესია, კიდევ უფრო მეტად განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში“, - აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.
დუბაიში, მსოფლიო მთავრობათა სამიტი გრძელდება, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს. ირაკლი კობახიძე სამიტზე სიტყვით გამოვიდა და მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში, სადაც მთავარი მიმართულება ინვესტიციები იყო. აქცენტი გაკეთდა სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე. პარალელურად, გრძელდება ორმხრივი შეხვედრები. ირაკლი კობახიძემ უკვე გამართა შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან და გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან.
პრემიერ-მინისტრი დუბაიში დელეგაციის წევრებთან ერთად იმყოფება.