
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ სწორედ თანამშრომლობით აღდგება ის მიწოდების ჯაჭვები, რომლებიც რისკებს შეამცირებენ და მსოფლიოში დღეს არსებულ ფრაგმენტაციას დაძლევენ. ირაკლი კობახიძემ დუბაიში შეკრებილ სამიტის მონაწილეებს შეახსენა, რომ თანამედროვე პოლიტიკურ-ეკონომიკურმა გამოწვევებმა, ის რაც ერთ დროს მსოფლიოში დინამიური კომერციული ურთიერთობები იყო, ახლა რთულ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებად აქცია. პრემიერის სიტყვებით, ბუნდოვან გლობალურ ეკონომიკაში, სტაბილურობა კონკურენტული უპირატესობაა, რადგან ის რაც ათასწლეულების განმავლობაში შენდებოდა ახლა ჩამოშლილია, დიდი სახელმწიფოების დაძაბულობის გამო კი წყნარი ოკეანის სავაჭრო მარშრუტები სულ უფრო პოლიტიზებულია. მთავრობის ხელმძღვანელის შეფასებით, სამყაროში სადაც ტრადიციული მარშრუტები სანდო აღარაა, ალტერნატიული დერეფნების მოძიება ხდება აუცილებელი.
ირაკლი კობახიძემ სამიტზე გამოსვლისას ისიც თქვა, რომ საქართველომ საკუთარი გეოგრაფიული მდებარეობითა და მთავრობის გონივრული პოლიტიკით, მაკროეკონომიკური სტაბილურობა შეინარჩუნა და იმ საერთაშორისო პროექტების განხორციელება დაიწყო, რომელიც ხელს უწყობს ევროპასა და აზიას შორის მთავარი დამაკავშირებლის როლის გაძლიერებას. ეს ამბიციური ინფრასტრუქტურული პროექტები კი, რეგიონულ თანამშრომლობასთან ერთად, ინტეგრირებულ სისტემას ქმნის. რაც არა მოკლევადიანი სარგებლის მოტანას, არამედ გრძელვადიან მდგრადობას უზრუნველყოფს. სამიტის მონაწილეებს ირაკლი კობახიძემ, ის საერთაშორისო ინდექსები გააცნო, რომლებშიც სხვადასხვა ინსტიტუციურ დონეზე, საქართველოს ლიდერული პოზიციებია ასახული.
ლიბერალური ეკონომიკური და საგადასახადო პოლიტიკა, კორუფციის დაბალი დონე და ის პირობები, რომლებიც ქვეყანაშია საინვესტიციო საქმიანობის განსახორციელებლად - ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება ირაკლი კობახიძემ მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართული შეხვედრისას. "ინვესტიციების მომავალზე" საუბრის დროს, მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოში უპრეცედენტო რაოდენობის - 8 მილიარდი დოლარის, ინვესტიციაა მოზიდული.
დუბაიში მიმდინარე სამიტის ფარგლებში, სამთავრობო გამოცდილების გაზიარების ფორუმში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსიც მონაწილეობდა. საქართველოს მთავრობის წარმატების საკვანძო ფაქტორად, ლევან ჟორჟოლიანმა ადამიანურ კაპიტალში ინვესტირება დაასახელა.
მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა. ირაკლი კობახიძე ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა და მას თანამდებობის დაკავება მიულოცა. შეხვედრის განსახილველ საკითხებს შორის იყო, საქართველოსა და ყურის ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავებისა და საბჭოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობა. დელეგაციის წევრებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გუშინ დაიწყო. დუბაი მსოფლიო მთავრობათა სამიტს, 3-5 თებერვლის პერიოდში მასპინძლობს.