რეზონანსი
03.02.2026

პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე, პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები“ ლიდერმა, ილია ინჯიამ ახალი ინიციატივის შესახებ ისაუბრა და სახელმწიფო ბანკის შექმნის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„გამოვდივარ ინიციატივით, რომ უმნიშვნელოვანესია, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის კიდევ უფრო განმტკიცებისთვის, ვიფიქროთ სახელმწიფო ბანკის შექმნაზე, რომელიც კიდევ უფრო გააადვილებს რეგულაციებს იმ უმნიშვნელოვანესი სოციალური მიმართულებით, რომელიც საინტერესოა ჩვენი მოსახლეობისთვის“, - აღნიშნა მან.

როგორც ილია ინჯიამ განაცხადა, აღნიშნული საკითხი პირდაპირ კავშირშია პრემიერ-მინისტრის ინიციატივასთან, პროდუქტებზე ფასების რეგულაციასთან დაკავშირებით. მისივე განმარტებით, ფასების ფორმირების პროცესში მნიშვნელოვანი როლი ექნება საბანკო სისტემასა და საპროცენტო განაკვეთებს. მისი თქმით, „ევროპელი სოციალისტები“ მხარს უჭერენ ქვეყანაში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან რეფორმასა და ინიციატივას, განსაკუთრებით კი იმ ნაბიჯებს, რომლებიც მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას უკავშირდება.

„პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები“ სახელით, კიდევ ერთხელ გამოვხატავ მხარდაჭერას ყველა იმ რეფორმისა და ინიციატივის მიმართ, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. უმნიშვნელოვანესია ფასების დარეგულირება, რადგან ეს პირდაპირ კავშირშია ჩვენი მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობასთან“, - განაცხადა ილია ინჯიამ.

სხდომაზე „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა ამ საკითხზე მომუშავე კომისიის შექმნის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„მნიშვნელოვანია, რომ კომისიის მუშაობა მოკლე ვადაში დასრულდეს, რათა დროულად შევუდგეთ ფასების შემცირების პროცესს. ამასთან, ფასების კლება არავითარ შემთხვევაში არ უნდა აისახოს პროდუქციის ხარისხზე — ეს არის პრინციპული და საყურადღებო საკითხი“, - განაცხადა ილია ინჯიამ.

მისივე თქმით, დღეს იქმნება შესაბამისი კომისია და წარმატება უსურვა,როგორც კომისიის წევრებს, ისე ყველა იმ ჯგუფს, რომელიც აღნიშნულ პროცესში ჩაერთვება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×