რეზონანსი
03.02.2026

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბილ კლინტონი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი დათანხმდნენ წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტში მისვლას და ჯეფრი ეპშტეინის საქმეზე ჩვენების მიცემას მას შემდეგ, რაც კანონმდებლები მათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით დაემუქრნენ. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

ტელეარხის ცნობით, ზედამხედველობის კომიტეტმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ კლინტონებს სურთ თავი აარიდონ პასუხისმგებლობას და განსაკუთრებულ პირობებს ითხოვენ, თუმცა კანონზე მაღლა არავინ დგას.

მოგვიანებით ბილ კლინტონის აპარატის უფროსის მოადგილემ, ანხელ ურენიამ დაადასტურა, რომ კლინტონები საკომიტეტო მოსმენაზე გამოცხადდებიან.

Fox News-ის ინფორმაციით, ზედამხედველობის კომიტეტი ცდილობს დაადგინოს, რა იციან კლინტონებმა ჯეფრი ეპშტეინისა და მისი მეგობრის გისლეინ მაქსველის შესახებ. კანონმდებლებს აგრეთვე აინტერესებთ, რა როლს ასრულებდა ჰილარი კლინტონი სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანებით საერთაშორისო ვაჭრობის აღმოფხვრის საქმეში, როცა ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობას იკავებდა.

როგორც ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს კომერმა Fox News-ის ეთერში განაცხადა, ეპშტეინი კლინტონის პრეზიდენტობის დროს თეთრ სახლს ჩვიდმეტჯერ სტუმრობდა. ხოლო საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ კლინტონი 27-ჯერ სარგებლობდა ეპშტეინის კერძო თვითმფრინავით.

კლინტონები კომიტეტში ჩვენების მისაცემად იანვარში გამოიძახეს, თუმცა მათ მაშინ საკანონმდებლო ორგანოში გამოცხადებაზე უარი თქვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×