რეზონანსი
02.02.2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებასა და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალ სხვა კანონპროექტებს.

საკანონმდებლო ცვლილებებით, ზუსტდება გრანტის ცნება და განისაზღვრება, რომ მათ შორის, გრანტად მიიჩნევა ის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებაზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე, ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან გამომდინარეობს.

როგორც მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა, ორგანიზაცია, რომელიც რეგისტრირებულია უცხოეთში, მაგრამ მისი საქმიანობის არსებითი ნაწილი მოიცავს საქართველოს და საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს, ვალდებული იქნება, „გრანტების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული წესით, გრანტის მიღებამდე შესაბამისი თანხმობა მთავრობისგან მიიღოს.

ცვლილებებით განისაზღვრება, რომ გრანტად აგრეთვე მიიჩნევა ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომლის სანაცვლოდ გრანტის მიმღები ტექნიკურ დახმარებას ახორციელებს ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების, მომსახურების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით.

არჩილ გორდულაძის განცხადებით, „სისხლის სამართლის კოდექსს“ ემატება ნორმა, რომლის თანახმად, უცხოეთში ლობისტურ-პოლიტიკური საქმიანობისათვის გადახდილი თანხა გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

„საქართველოს სახელით საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბარი მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება და პრეროგატივაა. საქართველოს პრეზიდენტსაც კი საქართველოს მთავრობის თანხმობა სჭირდება, როდესაც იგი საერთაშორისო ასპარეზზე გამოდის“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის თანახმად, ზუსტდება პარტიულ-პოლიტიკური მიზანი და ის ფიზიკური თუ იურიდიული პირები, რომლებსაც პარტიულ-პოლიტიკური მიზანი აქვთ, თანაც გაცხადებული, ვალდებული იქნებიან, ზუსტად იმავე რეგულაციას დაექვემდებარონ, რასაც პოლიტიკური პარტიები ექვემდებარებიან.

ეს გულისხმობს: უცხოეთიდან შემოსავლის აკრძალვას, იურიდიული პირისგან შემოწირულობების აკრძალვას და, ამავდროულად, კანონით გათვალისწინებულ ვადაში თავისი შემოსულობების დეკლარირებას.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილების თანახმად, პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებითაა დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა რვა წლის განმავლობაში.

საკანონმდებლო პაკეტი ასევე ითვალისწინებს ცვლილებას „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, რომლითაც დგინდება ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მეწარმე სუბიექტის მიერ ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან. აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში მეწარმე სუბიექტი დაჯარიმდება 20 000 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორებით და ყოველი შემდგომი ჩადენის შემთხვევაში – 40 000 ლარის ოდენობით. კომიტეტმა გაითვალისწინა არჩილ გორდულაძის წინადადება იმის თაობაზე, რომ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის დროს ცვლილება შევიდეს, კერძოდ, მეწარმე სუბიექტის მიერ პირველ ჯერზე ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელება, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან, გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო ქმედების განმეორებითი და ყოველი შემდგომი ჩადენა – სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×