რეზონანსი
02.02.2026

პარლამენტს დაჩქარებული წესით განსახილველად “უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები წარედგინა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება.

პროექტის თანახმად, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის შემთხვევაში, მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება, რომლითაც განისაზღვრება რეორგანიზაციის მიზნები, ფორმა და ვადები, რეორგანიზაციის პროცესის მართვის დროებითი მექანიზმები, აგრეთვე რეორგანიზაციაში მონაწილე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოთა უფლებამოსილებების განხორციელების განსაკუთრებული წესი.

ამავე დადგენილებით, რეორგანიზაციის პერიოდში და განსაზღვრული ვადით, შეიძლება შეჩერდეს ან შეიცვალოს კანონით ან/და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წესდებით განსაზღვრული ცალკეული მართვის ორგანოების უფლებამოსილების განხორციელების წესი თუ ეს აუცილებელია რეორგანიზაციის მიზნების მისაღწევად.

ზემოაღნიშნულ შემთხვევაში, განათლების მინისტრი უფლებამოსილი ხდება დანიშნოს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი და დროებითი კოლეგიალური მმართველი ორგანო - დროებითი მმართველი საბჭო შექმნას, რომელსაც მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მოცულობითა და ვადით აკადემიური საბჭოს და წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილებების განხორციელება გადაეცემა.

კანონის პროექტის თანახმად, აღნიშნული უფლებამოსილება არის დროებითი და მიზნობრივი, ვრცელდება მხოლოდ რეორგანიზაციის პროცესთან უშუალოდ დაკავშირებულ საკითხებზე და წყდება რეორგანიზაციის დასრულებისთანავე ან რეორგანიზაციაში მონაწილე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების მართვის ორგანოების ფორმირების შემდეგ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×