
სურსათი, მედიკამენტები და საწვავი - ფასების დარეგულირების საკითხს მომავალი კვირიდან საპარლამენტო კომისია შეისწავლის. პირველი სხდომაც, სავარაუდოდ, მომდევნო კვირას, მას შემდეგ გაიმართება, რაც საკითხს ხვალ ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირებენ და დამტკიცდება კომისიის შემადგენლობაც.
ქართულ ბაზარზე არსებული ფასებისა და მათი რეგულირების საკითხზე, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ინტენსიური შეხვედრები მიმდინარეობდა მთავრობის ადმინისტრაციაში. სამთავრობო კომისია საწვავის იმპორტიორებს, მსხვილი ქსელური მარკეტების, დისტრიბუტორების, მწარმოებლებისა და ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. ახლა კი ეს პროცესი პარლამენტში ინაცვლებს.
"ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ ფასები, უწყებების კოორდინირებული მუშაობით, დარეგულირდება. საპარლამენტო უმრავლესობა საჭიროების შემთხვევაში, ახალი საკანონმდებლო ბაზის დამტკიცებასაც არ გამორიცხავს.
"სამწუხაროდ, სურსათის ფასები გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე რეგიონში არსებულ სხვა ქვეყნებში, რაც დიდი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის და ამ გამოწვევების საპასუხოდ, რა თქმა უნდა, ყველაფერს აკეთებს ჩვენი გუნდი. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ფასების შემცირებაში კონვერტირდეს. ზუსტად, ანალოგიურად, სამუშაოს დაიწყებს საპარლამენტო შესაბამისი კომისიაც. მნიშვნელოვანია, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საკითხის მოკვლევაც", - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.