
„ადამიანებს, ვინც ამ ქვეყანაში სამუშაო ადგილებს ქმნიან და ინვესტიციებს დებენ, განა, არ აქვთ იმის უფლება, რომ აზრი გამოთქვან და ხელისუფლებას მისცენ დაკვეთა, იმის შესახებ, თუ როგორ ქვეყანაში უნდათ ცხოვრება და როგორი ქვეყანა უნდა ჰქონდეთ მათ შვილებს“, - ასე ეხმაურება „ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი, ვახტანგ ბეჟიტაშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“, მეწარმეების პოლიტიკურ აქტიურობასთან დაკავშირებით დაგეგმილ შეზღუდვებს.
უფრო კონკრეტულად, „ქართული ოცნება“ გეგმავს მეწარმეებთან დაკავშირებით ცვლილებს, რომლის მიხედვითაც, მეწარმე სუბიექტის მიერ ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობა, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან, იკრძალება და წესდება ჯარიმა 20 ათასი ლარის ოდენობით.
„ყველაფერი, რაც ვიხილეთ არის ლოგიკური გაგრძელება იმისა, რაც აქამდე იყო და ცხადია, შემთხვევით არ კეთდება. აქვთ კონკრეტული მიზანი, რომ რაც შეიძლება ნაკლები თავისუფალი სიტყვა ჟღერდეს და ნაკლები დისკომფორტი შეექმნას ხელისუფალს. გვახსოვს რომ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა პირველი შეხვედრები გამართა ბიზნესთან, დაისვა საკითხი ბიზნესისა და ხელისუფლების სიახლოვესთან დაკავშირებით და ითქვა, რომ ბიზნესსა და სახელმწიფო სტრუქტურებს ერთმანეთთან ოქროს შუალედი უნდა ჰქონოდათ. მაშინ ივანიშვილმა გასცა დაპირება, რომ თუ სახელმწიფო ძალიან ახლოს მივა ბიზნესთან, მაგ დროს განგაში უნდა ატეხოთო - მაშინ ვერ წარმოგვედგინა, რომ ასეთი შეზღუდვები დაწესდებოდა და ასეთ რეალობაში აღმოვჩნდებოდით.
ბიზნესის სტერილიზაცია - ეს აქვთ ჩანაფიქრად, დისკომფორტი აქვთ იმ ადამიანებისგან, ვისაც ფინანსური რესურსი გააჩნია. ეს ფინანსური რესურსი შესაძლოა, გადანაწილებულ იქნას იმ საპროტესტო მოძრაობაზე - გვქონდა ამის მაგალითიც, Freebusiness იყო ძალიან კარგი კამპანია, ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, გააჩერეს, ამ თავისუფალი ბიზნესის მეშვეობით საკმაოდ კარგად ეხმარებოდნენ აქციების დროს დაზარალებულებს. გაერთიანებული იყო დაახლოებით 2 400 კომპანია, მათი საერთო ბრუნვა 10 მილიარდზე მეტს შეადგენდა, ეს არ არის პატარა თანხები. ადამიანებს, ვინც ამ ქვეყანაში სამუშაო ადგილებს ქმნიან და ინვესტიციებს დებენ, განა არ აქვთ იმის უფლება, რომ აზრი გამოთქვან და ხელისუფლებას მისცენ დაკვეთა, იმის შესახებ, თუ როგორ ქვეყანაში უნდათ ცხოვრება და როგორი ქვეყანა უნდა ჰქონდეთ მათ შვილებს“, - განაცხადა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.