რეზონანსი
30.01.2026

თბილისში ერთ-ერთ უბანში მომხდარ დანაშაულზე შეტყობინება მიიღეს. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი შემთხვევის ადგილზე გავიდა.

სამართალდამცველებმა ფაქტი გამოავლინეს და საგამოძიებო უწყებაში დანაშაულის კიდევ ერთი საქმე დარეგისტრირდა.

დარეგისტრირებული დანაშაულის გახსნის სტატისტიკა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. შეჯამებული მონაცემები 2025 წელს მოიცავს. ირკვევა, რომ პოლიციაში შესული საქმეების 70 პროცენტი გახსნილია.

გახსნილი საქმეების რაოდენობა პოლიციის მიერ გამოვლენილ და აღკვეთილ დანაშაულს უკავშირდება. 2025 წლის სტატისტიკა ყველა კატეგორიის დანაშაულს აერთიანებს.

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გასულ წელს არაერთი სპეცოპერაცია ჩატარდა. 2025 წელს 54 134 ნარკოდანაშაულის საქმე დარეგისტრირდა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4 158 ფაქტით მეტია. ნარკოდამნაშავეების დასაკავებლად სამართალდამცველები თბილისში და რეგიონებში იყვნენ მობილიზებულები. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი, პოლიციამ ხელბორკილები დაადო რეალიზატორებს და რეალიზაციის ხელშემწყობებს.

ფარული საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებებით 2025 წელს "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის არაერთი ფაქტიც გამოვლინდა. "ქურდული სამყაროს“ წევრობის, მხარდაჭერისა და "კანონიერი ქურდისთვის" მიმართვისთვის სამართალდამცველებმა ქვეყნის მასშტაბით სპეცოპერაციები ჩაატარეს, დაკავებულია 228 პირი. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 15 "კანონიერი ქურდი".

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკით ირკვევა, რომ 2024 წელთან შედარებით, 2025 წელს განზრახ მკვლელობები და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული შემცირებული იყო. წინა წელთან შედარებით, 2025 წელს 37,52 მეასედი პროცენტით გაზრდილი იყო ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტების გამოვლენა.

სტატისტიკით ირკვევა, რომ 2025 წელს ნაკლები იყო ბინის ქურდობის, ყაჩაღობის, გამოძალვის და თაღლითობის შემთხვევები.

დანაშაულის სტატისტიკაში ყურადღებაა გამახვილებული საგზაო უსაფრთხოებაზეც. უწყების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან აცილებისთვის 2025 წელს საგზაო უსაფრთხოების სისტემა უფრო განვითარდა. ვიდეო სამეთვალყურეო სისტემაში 8 886 ვიდეოკამერაა ჩართული, სიჩქარის კონტროლის სექციების რაოდენობა 658-მდე გაიზარდა.

სტატისტიკით ირკვევა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი 2025 წელს მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა იყო.

გასულ წელს საქართველოდან უცხო ქვეყნის 1 311 მოქალაქე გააძევეს, 2024-ში - 363. 2025 წლის მონაცემი 6 წლის განმავლობაში გაძევებულ უცხოელთა ჯამურ რაოდენობას აღემატება.

2025 წლის სტატისტიკაში წერია, რომ გასულ წელს 141 ფაქტით იყო შემცირებული კიბერდანაშაული, 134-ით - სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, ნაკლები იყო ტრეფიკინგის შემთხვევებიც.

70-პროცენტიანი სტატისტიკა დანაშაულისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგია - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ გახსნილი საქმეები სამართალდამცველების ეფექტურ მუშაობას ადასტურებს.

მიმდინარე წელს, რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო მომავალი წლის იანვარში გამოაქვეყნებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×