რეზონანსი
30.01.2026

ფაქტია, რომ ხდება გრანტის გამოყენება საქართველოზე მავნე ზემოქმედებისთვის. სერგი კაპანაძე არის ძალიან კარგი მაგალითი, როგორ ხდება გარედან ადამიანების ტრიალი იმისთვის, რომ მოიყვანონ პოლიტიკაში და ხან ერთი კარიდან ატარონ და ხან მეორე კარიდან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, „გრანტების კანონზე“ საუბრისას.

მას მედიის წარმომადგენლებმა „გრანტების კანონში“ არსებულ ერთ-ერთ პუნქტთან დაკავშირებით ჰკითხეს, სადაც აღნიშნულია, რომ „პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში“.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს არის საჭირო დრო იმისთვის, რომ მოხდეს ამ ადამიანის ე.წ. განიავება წინა საქმიანობისგან.

„აქ მთავარი პრინციპი არის, რომ საქართველოში თუ ხარჯავ პოლიტიკური შინაარსის მქონე ფულს, კეთილი ინებე და ქართველ ხალხს ჰკითხე. ჩვენ არ ვართ აქ არავის კოლონია, რომ ჩამოგვადგნენ აქ და თავის ჭკუაზე ააწყონ ყველაფერი. ეს იგივეა ოჯახში ფეხით შეაღო კარი, შეხვიდე და დაუწყო გინდა თუ არა ეს ავეჯი აქეთ უნდა დავდგა და ეს იქით უნდა გადავდგა. ვინ ეკითხება ქართველი ხალხის თანხმობის გარეშე, ვინმეს აქ პოლიტიკის დაფინანსება?!

რაც შეეხება შეზღუდვას მათთვის, ვინც დასაქმებული იყო ორგანიზაციაში, რომელიც უცხო ძალისგან ფინანსდებოდა, ეს აღიარა აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ და ამხილა ის სისტემა, რომელიც ამერიკაში მანამდე არსებობდა, რომ უცხოური დაფინანსება და გრანტები გამოიყენებოდა სხვა ქვეყნებზე პოლიტიკური კონტროლის გამოსაყენებლად. შესაბამისად, თუკი ჩვენ ამ მოცემულობას მივიღებთ, რომ ეს ორგანიზაციები გამოიყენება პოლიტიკური კონტროლის მოსაპოვებლად, სხვა, მათი დამფინანსებლების გავლენების გასატარებლად, რა თქმა უნდა ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ არ იყოს მბრუნავი კარის პრინციპი, როდესაც ხან „ენჯეოში“ არიან და მერე ცდილობენ მოიყვანონ ისინი პოლიტიკურ ხელისუფლებაში, ამ შემთხვევაში იგულისხმება პარტიები. ამისთვის უნდა აიღონ ე.წ. გაგრილების პერიოდი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, სერგი კაპანაძე კარგი მაგალითია იმის, თუ როგორ ხდებოდა მისი გამოყენება სხვადასხვა პოზიციაზე.

„ჩვენ ამის მაგალითები გვაქვს. სერგი კაპანაძე არის ამის ყველაზე კარგი მაგალითი. ადამიანი, რომელიც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის, წამების სისტემის რეჟიმის ერთ-ერთი ლიდერი, მას შემდეგ, რაც დამარცხდა 2012 წელს არჩევნებში უცებ გადაკეთდა „ენჯეოდ“ და შემდეგ მას წარმოგვიდგენდნენ, როგორც სამოქალაქო საზოგადოებას. ჰყავდათ ჩართული ყველაფერში, დააყარეს მილიონები. იქ, სადაც იყო ხელისუფლება და ოპოზიცია, სერგი კაპანაძეს სვამდნენ ვითომ ნეიტრალურ ადამიანს. შემდეგ 2016-ში ის კვლავ პოლიტიკაში მობრუნდა და გახდა პარლამენტის წევრი. შემდეგ 2020 -ში კვლავ გადაბარგდა არასამთავრობო სექტორში. სერგი კაპანაძე არის ძალიან კარგი მაგალითი, როგორ ხდება გარედან ადამიანების ტრიალი იმისთვის, რომ მოიყვანონ პოლიტიკაში და ხან ერთი კარიდან ატარონ და ხან მეორე კარიდან ატარონ. ეს არის ფაქტი, რომ ხდება გრანტის გამოყენება საქართველოზე მავნე ზემოქმედებისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×