
ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების და ე.წ. შავი ხვრელების ამოვსების მცდელობა - ასე აფასებენ უმრავლესობაში ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის განხილვასაც პარლამენტი მომავალ კვირას დაიწყებს.
ინიციატივის მიხედვით, ცვლილებები შედის "გრანტებისა"და პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონში. რეგულაციები წესდება მეწარმე იურიდიული სუბიექტებისთვისაც. თუ საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის, საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბების ან უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების მიზნით, ერთი პირი მეორეს ფულს გადასცემს, ტექნიკურ დახმარებას ან სხვა ტიპის მომსახურებას გაუწევს - ეს გრანტად ჩაითვლება. ასეთ შემთხვევაში დაფინანსების მიმღები დაჯარიმდება, ან 300-დან 500 საათამდე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მოუწევს. უკიდურეს შემთხვევაში კი, 6 წლამდე ვადით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, გრანტების შესახებ კანონში დაანონსებული ცვლილებები "ქართული ოცნების" შიშით არის განპირობებული.
"ეს არის გამოწვეული "ოცნების" შიშით, რომ ხვალ, ზეგ, თუნდაც რამდენიმე წლის შემდეგ, საქართველოში იქნება ძლიერი სამოქალაქო სექტორი, ძლიერი დამოუკიდებელი მედია, რომელიც დემოკრატიული პრინციპებიან გამომდინარე, დაამარცხებს სამართლიან არჩევნებში "ოცნებას".
"ოცნება" თავიდანვე იღებს ზომებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება დიდხანს გაიხანგრძლივოს ძალაუფლება", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.