მიზეზი არა სამხედრო დაპირისპირებები, არამედ ამერიკაში მძვინვარე კრიზისია - სწორედ ამიტომ ძვირდება ოქრო განუხრელად და გარბიან ინვესტორები
თამარ ვეფხვაძე
29.01.2026

„ბლუმბერგის“ შეფასებით, ამერიკული დოლარი ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 10.7%-ით გაუფასურდა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კი დოლარის დინამიკა სათამაშო „იო-იო“-ს შეადარა, რომელიც მიფრინავს და ელასტიური ლენტით ისევ პატრონს უბრუნდება. ფაქტია, რომ ტრამპი ამ „ლენტის მოჭიმვას“ არ აპირებს და ბაზარმაც პრეზიდენტის განცხადება ისე აღიქვა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია დოლარის შეკავებას არ აპირებს, რითაც ტრეიდერებს „მწვანე შუქი“ აუნთეს. შედეგი კი დოლარის გაუფასურებაა, რასაც საერთაშორისო ბაზრებზე ოქროსა და ვერცხლის მკვეთრი გაძვირება მოჰყვა. 

 „ბლუმბერგის“ დოლარის ინდექსი კი 2022 წლის დასაწყისიდან ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა და 96.2-ს მიაღწია. ინდექსი ბოლო ერთი წლის განმავლობაში 10.7%-ით გაუფასურდა. დოლარის ვარდნას ძვირფას ლითონზე ფასების ზრდა მოჰყვა: მიმდინარე კვირას ოქროს ფასმა ახალ ისტორიულ მაქსიმუმს - 5 500 აშშ დოლარს მიაღწია 1 უნციაზე, რაც რეკორდული მაჩვენებელია და ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს. საერთო ჯამში, ერთწლიან პერიოდში, ოქრო 97%-ით გაძვირდა, ხოლო ბოლო ერთ კვირაში მატება 12%-ს აღწევს. აღმასვლის რეკორდული დინამიკა ფიქსირდება ვერცხლთან მიმართებითაც, რომელიც ერთ თვეში, 53%-ით გაძვირდა და 1 უნციის ფასმა რეკორდულ - 117 აშშ დოლარს მიაღწია. 

ბოლო პერიოდში ოქროს გაძვირება ეკონომიკური და გეოპოლიტიკური რისკების ზრდით არის განპირობებული. მკვეთრი აღმასვლის ფონზე, „ბანკ ოფ ამერიკამ“ ოქროს ფასის მოკლევადიანი სამიზნე მაჩვენებელი 1 უნციაზე - რეკორდულ 6 000 დოლარამდე გაზარდა. 

რა ხდება საერთაშორისო ბაზარზე და რეალურად, რა ტენდენციასთან გვაქვს საქმე? „რეზონანსთან“ საუბრისას პროფესორი გოჩა თუთბერიძე ამ ფაქტს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ფედერალური სარეზერვო ბანკის პრეზიდენტ ჯერომ პაუელს შორის დაპირისპირებით ხსნის. სიტუაციას ისიც ამძაფრებს, რომ პაუელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. 

„ჯერომ პაუელი დამოუკიდებელი ფიგურაა, მაგრამ დიდი ხანია, ტრამპი მისგან ითხოვს საპროცენტო განაკვეთების შემცირებას, რათა ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი გახდეს, რაც მას ძალიან აწყობს, თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის. პაუელი და ფედერალური სარეზერვო ბანკის საბჭო ტრამპს არ ეთანხმება, რის გამოც, სხვადასხვა გზებით ცდილობდა ტრამპი ფედერალური სარეზერვო ბანკის დამორჩილებას, იყო მცდელობა, რომ შეეცვალათ საბჭოს ერთი წევრი, თუმცა სასამართლომ ეს საკითხიც გააჩერა. ტრამპმა თავის მიზანს ვერ მიაღწია და ამის შემდეგ აღძრა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე პაუელის წინააღმდეგ. თუმცა, მას გარკვეული იმუნიტეტი იცავს და ისედაც, ფედერალური სარეზერვო სისტემის პრეზიდენტის იმპიჩმენტი ძალიან რთული საკითხია. ეს დაპირისპირება, გარკვეულწილად, ძირს უთხრის ეროვნული ვალლუტის - დოლარის სიმყარეს აშშ-ში, რადგან თუ ფედერალური სარეზერვო სისტემა გახდება კონტროლირებადი, ანუ დაკარგავს ავტონომიურობას, იქნება ძალიან ცუდი სიგნალი ინვესტორებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი მოინდომებს დოლარის მოცილებას, რაც კიდევ უფრო გააუფასურებს ამერიკულ ვალუტას“, - განუცხადა „რეზონანსს“ გოჩა თუთბერიძემ.  

მისი თქმით, სამხედრო ძლიერებასთან ერთად, აშშ-ის ძლიერების მთავარი ინსტრუმენტია ეროვნული ვალუტა - დოლარი. შესაბამისად, ტრამპის ირონიული განცხადებები დოლარის რყევასთან დაკავშირებით, გარკვეულ გავლენას მოახდენს ინვესტორებზე, რომლებიც შეეცდებიან, საკუთარი რეზერვები ჰქონდეთ არა დოლარში, არამედ ევროში ან სტერლინგში. „რეზონანსის“ კითხვაზე, ტრამპის განცხადება, ერთგვარად, ექსპორტის ხელშეწყობას გულისხმობს და თუ დოლარი გაუფასურებას განაგრძობს, ეს ბიზნესმენ ტრამპს როგორ გამოეპარა, გოჩა თუთბერიძემ გვიპასუხა: 

„აშშ-ს უზარმაზარი უარყოფითი საგადასახდელო ბალანსი აქვს და შესაძლოა, რაღაც ნაწილში შეამციროს იმპორტი, მაგრამ მხოლოდ შემცირება შეუძლია, ბალანსის გასწორება შეუძლებელია. იმპორტირებულ პროდუქციაზე აშშ-ში ფასი გაიზრდება -  რამდენადაც ტარიფი გაიზრდება, იმდენად ფასი გაიზრდება. ლოგისტიკური ხაზები, თუ როგორ უნდა შევიდეს პროდუქცია ჩინეთიდან, ევროპიდან აშშ-ში, უკვე განსაზღვრულია და ამის შეცვლას ძალიან დიდი დრო, რესურსი და ხარჯები სჭირდება. ამიტომ, ეფექტი ეკონომიკაზე, რომ მაგალითად, საგადასახდელო ბალანსის მნიშვნელოვანი ცვლილება გამოიწვიოს, არ არის დიდი. თანაც მოკლე პერიოდში ეს ვერ მოხდება, ამასაც გარკვეული დრო სჭირდება“, - აღნიშნა გოჩა თუთბერიძემ.  

დოლარის შესუსტება, ოქროსა და ვერცხლის გაძვირება და ტრამპის განცხადებაც კი, გამოწვეულია ერთადერთი მიზეზით - აშშ-ის სახელმწიფო ვალით, რომელმაც ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 38 ტრილიონს გადააჭარბა. ეკონომისტ ნოდარ კაპანაძე ხაზს უსვამს, რომ ყოველი მომდევნო დღე არის წინაზე უარესი, რადგან წინა პრობლემები არსად მიდის, სამაგიეროდ, ემატება ახალი. 

„აი, ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ტრამპი ხან გრენლანდიას დაეტაკა, ხან - ვენესუელას და ხანაც - ირანს. ეს იმიტომ, რომ აშშ-ში მთავარი დაპირისპირება დღეს არის ფედერალურ სარეზერვო სისტემასა და სახელმწიფოს, ანუ ჯერომ პაუელსა და დონალდ ტრამპს შორის. ტრამპს ძალიან უნდა, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა გადმოიტანოს სახელმწიფოს დაქვემდებარებაში. ფედერალური სარეზერვო სისტემა კერძო ორგანიზაციაა, რომელიც ამ სისტემაში შემავალ ბანკებს აერთიანებს. ხელშეკრულება დაიდო 1913 წლის დეკემბერში და ეს არის კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კაბალური ხელშეკრულება, რომლითაც აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა ბეჭდავს ფულს, ხოლო აშშ-ის ხაზინა და მთავრობა სესხულობს ამ ფულს. სანამ ამ სახაზინო ვალდებულებებს ყიდულობდნენ სხვადასხვა ქვეყნები, როგორც დაბალი რისკის მქონე და ყველაზე საიმედო აქტივს, მანამდე პრობლემა არ იყო. 

ბრეტონ-ვუდსის სისტემის შექმნის შემდეგ, აშშ-ის მთავარი საექსპორტო პროდუქცია იყო დოლარი. დოლარის ექსპორტით, მას თავისი ინფლაცია და ეკონომიკური პრობლემები გაჰქონდა ქვეყნის გარეთ. 1979 წლიდან, დაიწყო სამრეწველო კაპიტალის მიგრაცია ჩინეთსა და სხვა, იაფი მუშახელის მქონე ქვეყნებში, იაფი მუშახელის ქვეყნებმა ისწავლეს მუშაობა და ახლა არც ისე იაფი ქვეყნებია, სამაგიეროდ, ძალიან კვალიფიციური კადრების ქვეყნები არიან, ხოლო აშშ დარჩა ფინანსური დერევატივების იმედად“, - განუცხადა „რეზონანსს“ ნოდარ კაპანაძემ. 

როდესაც ტრამპი მოდიოდა ხელისუფლებაში, ცხადია, ეს პრობლემები ჩანდა, რადგან კრიზისი არსად წასულა - არც 1973 წლის, არც 1983 და 1986 წლების კრიზისები. ეს კრიზისები ემისიით იფარებოდა და აი, მოვედით 2007 წლის იპოთეკურ კრიზისამდე:

„ეს კრიზისიც დიდი ემისიით გადაიფარა, მაგრამ არსად წასულა და ახალი ძალით იჩინა თავი „კოვიდშიზოფრენიის“ დროს. სწორედ იმ დროს მოხდა წარმოუდგენელი მასშტაბის ემისია და ახლა ეს „ხომალდი“, ყოველგვარი მართვის გარეშე, პირდაპირი ინერციით მიდის. 

ამერიკის მე-19 და მე-20 საუკუნის ისტორიას თუ გადავხედავთ, მთავარი ვექტორი არის სამრეწველო და ფინანსური კაპიტალის დაუნდობელი ომის ისტორია. ოთხი პრეზიდენტი, რომლებმაც ამ საქმეში წარმატებებს მიაღწია, შეეწირნენ კიდეც ამას, ისინი შეეწირნენ სახელმწიფოს მიერ ფულადი ნიშნების ემისიის იდეას: აბრაამ ლინკოლნი - 1863 წელს, ენდრიუ გარფილდი - 1881 წელს, უილიამ მაკ-კინლი - 1901 წელს და ჯონ კენედი - 1963 წელს. ზუსტად ამ იდეით მოდიოდა დონალდ ტრამპი და შესაბამისად, ამ დაპირისპირების შედეგი იყო ისიც, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, ტრამპი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს, როდესაც ესროლეს“, - განუცხადა "რეზონანსს" ნოდარ კაპანაძემ. 

მისივე თქმით, სახელმწიფო ემისია რომ მოხდეს, ამისთვის საჭიროა აქტივები. აშშ-ის იურისდიქციაში უკვე აღარ არის ისეთი აქტივები, რომლის შემდგომი კაპიტალიზაცია შესაძლებელია. მართალია, სამრეწველო სიმძლავრეები არ არის, მაგრამ... არის გრენლანდია, სადაც ამბობენ, რომ წარმოუდგენლად დიდი მარაგებია. 

„შესაძლოა, ეს მარაგები არავინ მოიპოვოს და საერთოდ, გრენლანდიაში რამის მოპოვება რუსეთის დახმარების გარეშე, ძნელი იქნება, მაგრამ მთავარია, რომ გრენლანდია იყოს აშშ-ის იურისდიქციაში. სწორედ ამას უკავშირდება მადუროს ამბები და ვენესუელას ნავთობიც. ყველა ნავთობმრეწველი ამბობს, რომ ვენესუელას ნავთობი ურთულესი მოსაპოვებელია, მაგრამ ტრამპისთვის აუცილებელია, რომ ამ ნავთობს ერქვას აშშ-ის სახელი, რომ იმის სახელზე მოხდეს ემისია. ვენესუელაში, სახმელეთო ოპერაციის გარეშე, ამ ნავთობის რესურსების ოფიციალურად ამერიკის მფლობელობაში გამოცხადება თითქმის შეუძლებელია, ხოლო სახმელეთო ოპერაცია რთული საქმეა.  სწორედ აქედან გამომდინარეობს ყველაფერი ეს, ამ განცხადებების არასტაბილურობას მხოლოდ ჩვენ არ ვხედავთ, ხედავს ბაზარი და რეაგირებს ამაზე, რაც გამოიხატება დოლარის დევალვაციაში. დოლარის დევალვაციის ყველაზე კარგი ნიშანია ოქროს ფასის ზრდა. დღეის მდგომარეობით, 1 უნცია ოქრო 5 500 აშშ დოლარი ღირს და ეს არის ისტორიული მაქსიმუმი“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას ნოდარ კაპანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×