თამთა ჩაჩანიძე
29.01.2026

პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის ყოველწლიური მოხსენება გადაიდო, შალვა პაპუაშვილი ანგარიშს პირველ სასესიო კვირის ნაცვლად, სავარაუდოდ მარტის პირველ კვირაში წარადგენს, ხოლო მიხეილ ყაველაშვილს დეპუტატები 3-ის ნაცვლად 17 თებერვალს მოუსმენენ.

რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის მოხსენებას საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე ისმენს. საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარულ სხდომა კი თებერვლის პირველ სამშაბათს - 3-ში უნდა ჩატარდეს. როგორც შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე თქვა, მომავალ კვირას დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის უცხოეთში ვიზიტი. მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ მნიშვნელოვანია პრეზიდენტის მოხსენებას მთავრობა ესწრებოდეს, თარიღი დაკორექტირდა.

პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში პრეზიდენტის მსგავსად პირველ სასესიო კვირას იმართება-ხოლმე, თუმცა ისიც გადაიდო.

  • „პარლამენტის თავმჯდომარის წლიური ანგარიში, რომელიც, ასევე, როგორც წესი, პირველ სასესიო კვირას იმართება, თუმცა იმავე მიზეზიდან გამომდინარე, რაც პრეზიდენტის ყოველწლიურ მიმართვასთან დაკავშირებით მოგახსენეთ და იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტის მოხსენების კვირასაც არ დაემთხვეს, ვვარაუდობ, რომ მარტის პირველ კვირას წარმოვადგენ ჩემს ანგარიშს პარლამენტის წინაშე". 

უნდა აღინიშნოს, რომ მას შემდეგ, რაც 300-კაციანმა კოლეგიამ მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტად აირჩია, ეს უკვე მეორე წლიური მოხსენებაა. პირველად ის გასული წლის 4 თებერვალს წარსდგა პარლამენტის წინაშე, მან აქცენტი შიდა და გარე პრობლემებზე გააკეთა და დიალოგის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, მისი მოხსენებას ოპონენტებისგან კრიტიკა მოჰყვა. კრიტიკა არც ახლა დაუკლიათ.

„იმედია, მანამდე კითხვას ისწავლის", „მარტამდეც შეუძლია გადადოს, უკეთესად იმეცადინებს და ისე მივა",- წერენ კომენტარებში.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მოხსენებების გადადებას კრიტიკის საფუძველი არ აქვს და ეს მხოლოდ ტექნიკური მიზეზი შეიძლება იყოს.

„ქართულ პოლიტიკურ საზოგადოებას მითებისა და სისულელეების შეთხზვა ახასიათებს. პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოხსენებები უბრალოდ გადაიდო. სხვა მიზეზს ამაში ვერაფერს ვერ ვხედავ. ქვეყნის თავკაცებს რატომ უნდა შეეშინდეთ რაღაცის წარდგენა, როცა „ქართული ოცნების" წარმომადგენლები უძლიერეს პოზიციებზე არიან.

„მე ამაში ვერანაირ კონსპიროლოგიას და ვიღაცის კარნახს ვერ ვხედავ, შეუძლებელია იმ გარემოში ელაპარაკო ოპონენტებს, როდესაც აბსოლუტურ სისულელეებს ამბობენ და წაგებულ პოზიციაში არიან", - განაცხადა მან.

ანალიტიკოსმა ყაველაშვილის რიგით მეორე მოხსენებაზეც ისაუბრა.

  • „პრეზიდენტი ყაველაშვილი იმ სათქმელს იტყვის, რაც მისმა ამომრჩეველმა დაუკვეთა და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რა კომენტარს გააკეთებს. ზოგადად საქართველოში რეალურად კრიტიკული ოპოზიცია არ გვყავს, ის კი არა, სერიოზული შეშფოთება მაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ მმართველები დებატებში ვის უნდა დაუსხდნენ.

„ზოგიერთი ე.წ. პოლიტიკოსები და ჟურნალისტები კი ამბობენ, რომ ყაველაშვილი ბიძინას პრეზიდენტიაო, მაგრამ პრეზიდენტი იტყვის იმას, რაც საჭიროა.

„ყაველაშვილი ჰუმანური ადამიანი და ობიექტური პოლიტიკოსია, ბოლო კვირებში ვნახეთ, რომ ბევრი ადამიანი შეიწყალა", - განაცხადა გია აბაშიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×