მარიამ ვეკუა
29.01.2026

პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც გრანტებსა და პოლიტიკურ საქმიანობას მკაცრ კონტროლს უწესებს, ქვეყანაში მწვავე პოლიტიკურ და საერთაშორისო რეაქციებს იწვევს - მმართველი გუნდი ცვლილებებს სუვერენიტეტის დაცვის აუცილებლობით ხსნის, ხოლო ოპოზიცია და დასავლელი პარტნიორები მას ავტორიტარიზმისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ.

გრანტებთან და პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში ინიცირებულია და განსახილველად კომიტეტებს გადაეცა. ცვლილება, რომლის ავტორი და ინიციატორი ფრაქცია „ქართული ოცნებაა", სულ შვიდ კანონში შედის.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის არსი და შინაარსი 28 იანვარს გამართული უმრავლესობის სხდომის შემდეგ, საზოგადოებას ფრაქციის თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ გააცნო.

კერძოდ, საკანონმდებლო პაკეტით, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ შეიმუშავა, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის ან იურიდიული პირისთვის საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების სანაცვლოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე უპირატესობის პირდაპირ ან არაპირდაპირ გადაცემა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.

სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლს ემატება დამამძიმებელი გარემოება, კერძოდ, ფულის გათეთრება პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების მიზნით გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

გარდა ამისა, გრანტის მიღება პირს მხოლოდ მთავრობის წინასწარი ნებართვით შეეძლება.

იურიდიულმა პირმა გრანტი მხოლოდ მთავრობის წინასწარი თანხმობის შემდეგ შეიძლება მიიღოს. მაგალითად, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ორგანიზაციას, რომელიც საქმიანობას არსებითად საქართველოში ახორციელებს, მოუწევს დაფინანსების მისაღებად მთავრობას მიმართოს. წინააღმდეგ შემთხვევაში სს პასუხისმგებლობა დაეკისრება.

გამოხმაურებები ოპოზიციიდან

კოალიცია „ცვლილებებისთვის" წევრი ვანო წერეთელი ამბობს, რომ ივანიშვილს სურს, მანამ, სანამ ამერიკა საქართველოს მიმართ მკაფიო დაინტერესებას გამოხატავს, ავტოკრატიის საბოლოო დამყარება მოასწროს.

„ბიძინა ივანიშვილი ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს, რომ საქართველოში ავტოკრატია დაამყაროს. მან უნდა დააყაროს სრული კონტროლი თავისუფალ ფულზე. პირველ რიგში ვილაპარაკოთ იმაზე, თუ რატომ დააპატიმრეს ადამიანები საკუთარი წრიდან. მათი დაპატიმრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი იყო ის, რომ ამ ხალხი გარემოცვამ ზედმეტად ბევრი ფული დააგროვა, რაც ბიძინა ივანიშვილისთვის არის საშიში.

ივანიშვილისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თავისუფალი ფულის მოძრაობა სრულიად აიკრძალოს. ამაში თავსდება არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებული გრანტები, არამედ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეც ამაში მოჰყვება."-  თქვა ვანო წერეთელმა

  •  ვანო წერეთელი: "დაგეგმილი ცვლილებები არის საკონტროლო გასროლა დემოკრატიაზე, თუმცა მის მიერ შემოგდებული ახალი კანონი ბოლომდე ვერ იმუშავებს." 

 

მიმდინარე პროცესებს, ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა:

„ტერორი საქართველოში. ახალი რეპრესიული კანონი უკრძალავს პარტიულ წევრობას მათ, ვინც საზღვარგარეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობდა! მმართველი პარტიის დაუნდობელი ნაბიჯი, რათა ჩაახშოს თავისუფალი პოლიტიკური ცხოვრება და საქართველო რუსულ მოდელისკენ მიათრიოს", - წერს ზურაბიშვილი.

„ტოტალური რეპრესიები ქართველი ხალხის წინააღმდეგ - ,,ქართული ოცნება" ავტორიტარიზმის ახალ სიმაღლეებს იპყრობს და ქართველ ხალხს, ქიმიური მოწამვლის შემდეგ, ფინანსური რეპრესიების წნეხში ატარებს!"- ვკითხულობთ „ლელოს" განცხადებაში.

დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ევროპელი ლიდერებიც გამოეხმაურნენ. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ „ევროსკოპის" შეკითხვას უპასუხა, „ქართული ოცნების" მიერ გამოცხადებული საკანონმდებლო ცვლილებების გეგმის შესახებ.

„ის, რაც ქართველ ხალხთან დაკავშირებით ხდება, ძალიან სამწუხარო და ცუდი ამბავია. ამ რეჟიმზე უფრო მეტი ზეწოლა უნდა მოხდეს. ეს საკითხი აუცილებლად უნდა განვიხილოთ. ესტონეთი მთელი ამ დროის განმავლობაში მხარს უჭერს ქართველ ხალხს და მხარს უჭერს ამ რეჟიმის ლიდერების წინააღმდეგ სხვადასხვა შეზღუდვებსა და აკრძალვებს", - აღნიშნა ცაჰკნამ.

„ოცნების" პასუხი

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან „გრანტების შესახებ კანონში" დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

„თუკი ხელისუფლება მოითხოვს, რომ საქართველოს საზოგადოებამ იცოდეს, რა თანხა შემოდის და რა პროექტებს ხმარდება, მაშინ გამოსავალი ის კი არ არის, რომ ისაუბრონ და გამჭვირვალობა შესძინონ თანხების ოდენობას და პროექტებს, არამედ ის, რომ სხვა გზა უნდა მოიძებნოს, რომ ეს რესურსი შემოვიდეს საქართველოში, რომელიც რევოლუციური პროცესის განვითარებას ხმარდება. ამის თაობაზე წარმოუდგენელი განცხადება გააკეთა თუნდაც ევროკავშირის გაფართოების საკითხებში კომისარმა, მარტა კოსმა. ის კი არა, რომ ითანამშრომლოს და ელემენტარული მოთხოვნა შეასრულოს და თან ლოგიკური ნაბიჯი გადადგას იმასთან დაკავშირებით, რომ ფინანსური რესურსის გამოყენებით თანამშრომლობა გამჭვირვალე იყოს. არა - პირდაპირ გეუბნება, რომ იმ თანხას შემოვიტან და კანონის გვერდის ავლისთვის გზებს მოვძებნიო. ეს ხომ შავი ფულია? მით უმეტეს ეს შავი ფული საქართველოში დესტაბილიზაციას ემსახურება. რა საკვირველია, ამასთან დაკავშირებით კანონი უნდა მიიღო", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

კითხვაზე, რომელიც კანონში დაგეგმილი ცვლილებებით პოლიტიკური თანამდებობის დაკავებას შეეხება, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში საუბარია ადამიანებზე, რომლებიც არათუ არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობდნენ, არამედ აქტიურად იყვნენ ჩართული იმ პროცესებში, „რომელიც ქვეყნის დაზიანებას და სერიოზული პრობლემების შექმნას ლამობდა გარედან შემოტანილი თანხით და არა იმ რესურსით, რომელიც მას ანდო ამომრჩეველმა, მხარდამჭერმა სტრუქტურამ ან საზოგადოების ნაწილმა."

  • გია ვოლსკი: "უცხოურ თანხას არაფერი ესაქმება პოლიტიკაში."

 

იგივე ლოგიკაა, თუ პირი არსებითად ახორციელებს იგივე საქმიანობას, რაც პოლიტიკური პარტიისთვის არის დამახასიათებელი, ანუ ზუსტად იგივე, რაც ამერიკულ კანონში არის პოლიტიკური საქმიანობის განმარტება. ამ ყველაფერშიც არ უნდა იყოს უცხოური თანხები გამოყენებული, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საქართველოს მთავრობისგან არ იქნება მიღებული თანხმობა," - ამბობს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე.

მისივე თქმით, ემიგრანტი როდესაც ჩაურიცხავს საკუთარი ოჯახის წევრს თანხას, თუ მიზანი არ არის, რომ პოლიტიკურ საქმიანობაში იყოს ეს თანხები გამოყენებული, პასუხისმგებლობა არ დადგება.

„მეწარმე იურიდიულ პირებს არ ექნებათ შესაძლებლობა, რომ პოლიტიკური აქტივობებით დაკავდნენ, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ეს პოლიტიკურ აქტივობა საკუთარ საქმიანობასთან არის დაკავშირებული. დაანებონ თავი თანხების ჩარიცხვას, რომლებიც საბოლოო ჯამში რევოლუციის მოწყობებს, მოლოტოვის კოქტეილების დამზადებას, სიძულვილის ენის კამპანიებს და ლანძღვა-გინებას ხმარდება და არავითარი სხვა საჭიროება არ იქნება იმ კანონმდებლობის მიღების, რაც სუვერენიტეტის გაძლიერებას ისახავს მიზნად", - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×