
ევროკავშირმა და ვიეტნამმა დიდ დიპლომატიურ გარღვევას მიაღწიეს, აიყვანეს რა ორმხრივი ურთიერთობები ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
როგორც ტელეარხი იუწყება, ბრიუსელმა და ჰანოიმ ეს ნაბიჯი ვაშინგტონის მხრიდან სატარიფო რეჟიმის გამკაცრების ფონზე გადადგეს.
აღნიშნული გადაწყვეტილებით ევროკავშირი ისეთი წამყვანი ქვეყნების რიგში აღმოჩნდა, როგორებიცაა აშშ, ჩინეთი და რუსეთი. ეს ნიშნავს იმას, რომ ბრიუსელს სწრაფად განვითარებად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში საკუთარი გავლენის გაფართოების ამბიციები აქვს, წერს Euronews-ი.
„იმ დროს, როცა საერთაშორისო წესებზე დამყარებული წესრიგი სხვადასხვა მხრიდან საფრთხეშია, ჩვენ გვმართებს ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ, როგორც საიმედო და პროგნოზირებადი პარტნიორები“, - თქვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ ვიეტნამში ვიზიტის დროს და დასძინა, რომ პარტნიორობა „ერთობლივი კეთილდღეობის სფეროების განვითარებას“ ეხება.
Euronews-ი აღნიშნავს, რომ კოშტა ვიეტნამში ინდოეთიდან ჩავიდა, სადაც ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. მოლაპარაკებები ინდოეთთან თითქმის 20 წელი გრძელდებოდა.