
ჩინეთში თითოეული ვიზიტი აღიარებაა იმ უსამართლო დამოკიდებულების, რაც საქართველოსთან მიმართებით ჰქონდათ, როცა საქმე ეხებოდა ჩინეთთან და სხვა გეოპოლიტიკურ აქტორებთან ურთიერთობას, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მახაშვილის თქმით, საქართველოს თავისი პოლიტიკა და ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს, თუმცა ჩინეთში ვიზიტები კარგი პასუხია საქართველოსთან დაკავშირებით უსამართლო განცხადებებზე.
„ღიმილის მომგვრელია, როგორ დალაგდნენ და ერთმანეთის მიყოლებით სტუმრობენ ჩინეთს. ეს მათი ინტერესია. გასაგებია, რომ ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს, მაგრამ ჩინეთთან ურთიერთობის თაობაზე თითოეული ასეთი ვიზიტი და განცხადება აღიარებაა იმ უსამართლო დამოკიდებულების, რაც საქართველოსთან მიმართებაში ჰქონდათ, როცა საქმე ეხებოდა ჩინეთთან, რუსეთთან და სხვა გეოპოლიტიკურ აქტორებთან ურთიერთობას.
რაც უფრო დრო გადის, ყველაფერი ცხადია – არ ვიცი, ბაძავენ, თუ რას შვებიან. ჩვენ ჩვენი პოლიტიკა გვაქვს. თითოეული ასეთი ვიზიტი კარგი პასუხია იმ უსამართლო განცხადებებზე, რაც მათ ჰქონდათ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერი ვიზიტით ჩინეთში იმყოფება. როგორც კირ სტარმერმა აღნიშნა, ჩინეთთან ურთიერთობების განმტკიცება დიდი ბრიტანეთის ეროვნულ ინტერესებში შედის. ამასთან, დიდმა ბრიტანეთმა და ჩინეთმა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ ათი ხელშეკრულება გააფორმეს.