თამთა ჩაჩანიძე
29.01.2026

ინფორმაცია საქართველოს ტექნიკური (სტუ) და თბილისის სახელმწიფო უნიერსიტეტების (თსუ) გაერთიანებაზე სტუდენტების, პროფესორებისა და ექპსერტებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა და მათაც განათლების მინისტრის საგანგებო ბრიფინგიდან გაიგეს. გივი მიქანაძის თქმით, გადაწყვეტილება უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე მიიღეს. როგორც ირკვევა, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ამაზე ინფორმაცია მხოლოდ წინა დღით შეიტყო.

მიქანაძემ განაცხადა, რომ არც სტუდენტთა ჩარიცხვის კვოტები და არც აკადემიური პერსონალი არ შემცირდება, დამატებით შემოდის წამყვანი პროფესორის აკადემიური თანამდებობა. ტექნიკური უნივერსიტეტის სახელი ფაქტობრივად ქრება და გაერთიანებულ უმაღლეს სააწავლებელს ისევ თსუ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ერქმევა.

„ბოლო პერიოდში განხორციელდა სახელმწიფო უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამების კვლევით მიმართულებებისა და ინფრასტრუქტურის შედარებით ანალიზი. ამ პროცესისა და რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ. ეს იქნება საწინდარი, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდეს რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოს საერთაშორისო რეიტინგები. საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტის თანახმად, უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, მინისტრის ბრძანებით, შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო - საბჭო და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც წარმართავენ რეორგანიზაციის პროცესს," - განაცხადა მიქანაძემ.

„ამხელა უნივერსიტეტი ერთი ბრიფინგით გააქრეს"

მთავრობის გადაწყვეტილება უნივერსიტეტების გაერთიანებაზე მოულოდნელობა იყო განათლების ექსპერტ მანანა ნიკოლაიშვილისთვის. როგორც ის „რეზონანსთან" აცხადებს, მისი ინფორმაციით, არანაირი კონსულტაციები არ ყოფილა უნივერსიტეტების პროფესორებთან.

„104 წლის წლის უნივერსიტეტი უკვალოდ გაუშვეს ლიკვიდაციაში, სახელიც კი არ რჩება. რას ნიშნავს კადრების შემცირება არ იქნება, მაშინ რატომ შეაერთეს, ლოგიკა სულ დავკარგეთ? ასე ურცხვად როგორ ტყუის სამინისტრო და მთავრობა? არავითარი კონსულტაციები არ ყოფილა, მე ველაპარაკე თსუ-საც და ტექნიკურსაც, არანაირი კონსულტაციები არ ყოფილა, ხალხი შოკშია.

„არანაირი კონსულტაციები არ ყოფილა, გვიან ღამით, წინა საღამოს თუ აცნობეს (ბრიფინგამდე), ეგ არ ვიცი და ეგ რა კონსულტაციაა? ძილში რომ ზარს დამაწევ და დილით რომ ამას აცხადებ, რექტორმა რა უნდა გააკეთოს?

„საუკუნოვანი უნივერსიტეტის სახელი საერთოდ გააქრეს, მთელი საქართველო ამ უნივერსიტეტის აშენებულია, უამრავი სამეცნიერო გამოგონებები აქვს, საერთაშორისო რეიტინგებში ერთ-ერთი დაწინაურებული უნივერსიტეტია.

„ყველაზე მაგარი შენობები აქვს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ეს საკითხი „ნაციონალების" დროსაც ხომ იდგა და შენობების რაღაც ნაწილი ხომ წაიღეს, მერე ბრძოლის შედეგად თავი დაანებეს. ეს არის პირველ რიგში შენობების საკითხი, მეორე - თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პირდაპირი კონკურენტია. წლების წინ, როცა ქუთაისის უნივერსიტეტი იხსნებოდა, მაშინ ვამბობდი, რომ ეს ტექნიკური უნივერსიტეტის დახურვას გამოიწვევს-მეთქი.

„ორი დიდი მიზეზია - შენობები, ადგილები, მიწები, ყველაზე მასშტაბური შენობებია, ყველაზე საუკეთესო ადგილზე ესენია. მაგრამ დიდი გეგმა, იცით, როგორია? უკვე ათეული წლებია მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის მოთხოვნებია და საქართველოს ეუბნებიან, რომ შეამცირეთ, დაიყვანეთ სტუდენტთა რაიოდენობა მისაღები კონტიგენტი 19-ივე უმაღლეს სასწავლებელში 5 ათას კაცზე, ანუ ამ ოდენობის სტუდენტს რაში სჭირდება 19 უმაღლესი სასწავლებელი? ამიტომ ყველას თანდათანობით დახურავენ, ტექნიკური უნივერსიტეტი პირველია.

  • „ამხელა უნივერსიტეტი ერთი ბრიფინგით გააქრეს, მე „ქართული ოცნების" პარლამენტს მოვუწოდებ ეს არ დაამტკიცოს! 24 ათას სტუდენტიან უნივერსიტეტს რომ ასე აქრობ, ამაზე პატარა უნივერსიტეტები რატომ დარჩება? არ დარჩება!

 

„შარშან ქუთაისის უნივერსიტეტში კობახიძემ ხომ თქვა, რომ საქართველოში ორი უნივერსიტეტი დარჩება თსუ და ქსუ-ო. აი ეს იქნება და მერე თსუ-ც აღარ დარჩება, დარჩება ქსუ. 60 ათასი სტუდენტი ერთ უნივერსიტეტს როგორ უნდა ჰყავდეს? რასაც ქუთაისზე ამბობდნენ. ახლა უკვე 30 ათასზეა საუბარი, რომ ამ ოდენობის კონტნგეტს დატოვებენ და ქუთაისში იქნება ყველა",- განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

კითხვაზე, გამოიწვევს თუ არა ეს პროფესორ-მასწავლებლების, სტუდენტების და საზოგედოების პროტესტს, ნიკოლაიშვილმა გვითხრა:

„პროტესტი ამდენ ხანსაც უნდა ყოფილიყო. იმ კონცეფციაზე, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და ამ ყველაფერზე, მაგრამ ხალხის უმეტესობა საქართველოდან წასულია და აქ ვინაა დარჩენილი, მოხუცები და ბავშვები, აქ ქართველი 1 მილიონ 400 ათასი ვართ და აქედან 600 ათასამდე ბავშვია. არ ვიცი, ბრძოლა უნდა დავიწყოთ!",- განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

„ტექნიკურ უნივერსიტეტს ფართი დიდი აქვს, ვიდრე დატვირთვა"

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტს ფართი გაცილებით დიდი აქვს ვიდრე, მისი დატვირთვაა, თსუ-ში კი პირიქითაა.

„ძველი და ახალი თაობაც შეჩვეულია, რომ არის ამხელა ტექნიკური უნივერსიტეტი და „შეჩვეულს ნუ გადააჩვევო". თუმცა, მეორეს მხრივ, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში მე თვითონ მინახავს თანამშრომლებისა და სტუდენტებისგან დაცარიელებული დერეფნები, ყველა არა, მაგრამ შეიძლება ტქენიკურ უნივერსიტეტს ფართი გაცილებით დიდი აქვს, ვიდრე ამ ფართის დატვირთვა. ამ დროს ტექნკური დარგები სამწუხაროდ ჯერჯერობით ნაკლებად მზარდია. იმ დარგებში კი, რომლებიც თსუ-შია, ზრდა შეიმჩნევა, მაგალითად იურიდიული ერთ-ერთი ინტენსიურად მზარდი დარგია. მე მგონი, ეს გადაწყვეტილება მაგითაა განპირობებული. წესიერად არაა ნათქვამი, ეგ არ მესმის რატომ არაა აღქმა ბოლომდე მიყვანილი, მაგრამ ჩავთვალე, რომ ალბათ გადაწყვეტილება ამითაა მოტივირებული. იქ, სადაც კადრების სიმჭიდროვეა და მეორეგან ნაკლებია და სამაგიეროდ სივრცე დიდია, შესაძლოა ეს დააბალანსონ",- გამაცხადა საყვარელიძემ.

აღსანიშნავია, რომ განათლების მინისტრის თქმით, გადაწყვეტილება რექტორებთან წინასწარი კონსულტაციების შედეგად იქნა მიღებული, თუმცა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ ამის შესახებ „გუშინ გაიგო". კითხვაზე, რამდენად საკმარისია ეს დრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის, საყვარელიძემ გვითხრა:

„შესაძლოა კონსულტაციები გუშინ გამართეს და დღეს თქვეს, რომ კონსულტაციების შედეგიაო - არაა გამორიცხული. თუმცა, თავისთავად ნებისმიერი რეფორმა დიდი კვლევითი მუშაობის საფუძველზე რომ უნდა ხდებოდეს, მედიცინა ანახებს მაგას - ყველა მკურნალობა ორგანიზმის რეფორმაა და რამხელა სამუშაო სჭირდება, არ ვიცი ასეთი სამუშაო ჩატარდა თუ არა.

 

  • "ის, რომ მოილაპარაკონ და ეს საკითხი ერთმანეთთან შეთანხმებით გადაწყდეს, არასოდეს პროგრესის ნიშანი არაა. მოილაპარაკებენ და ის მხარე გაიტანს, რომელსაც მეტი ძალა ექნება.

„თუკი ტექნიკურ უნივერსიტეტში შენობის ინტერესია წამყვანი და არა კადრების შემცირება, მაშინ შენობა პროტესტს არ იწვევს ხოლმე. კადრები, საათები თუ შემცირდა, მას მოჰყვება ადამიანთა პროტესტი.

„ჩვენ შევეჩვიეთ ბიზნეს ინტერესებით შენობებზე ნადირობას ბენდუქუძის დროიდან, მაგრამ დღეს, როცა 30-40-სართულიანი სახლები სოკოებივით ამოდის, ტექნიკური უნივერსიტეტის შენობები რაღად უნდათ? ვფიქრობ შენობებს არაფერი დაემართება, უბრალოდ გაფართოვდება მისი მოხმარების არეალი საუნივერსიტეტო შენობების გამოყენების ხარჯზე. უნივერსიტეტის შენობის წართმევას არ ვვარაუდობ", - განაცხადა საყვარელიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×