
ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი, მე-11 კლასში რეპეტიტიუმის შექმნა და პირველკლასელებისთვის სწავლის დაწყება 6 წლიდან - განათლების სისტემაში ახალი ცვლილებები იგეგმება. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, მომავალ კვირას რეფორმები დაჩქარებული წესით იქნება განხილული.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეფორმების აღსრულება აქტიურ ფაზაში გადადის.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, გასულ წელს დავაანონსეთ ზოგადი და უმაღლესი განათლების საფეხურების მასშტაბური რეფორმები, რომელთა კონცეფციები საჯარო განხილვების შემდეგ მთავრობის დადგენილები დამტკიცდა. გადავდივართ მათი აღსრულების აქტიურ ფაზაში.
პირველი ეტაპი მოიცავს სათანადო საკანონმდებლო ცვლილებების გატარებას.
წარმოგიდგენთ ძირითად საკითხებს, რომელიც მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარედგინა პარლამენტს და მომავალ კვირას დაჩქარებული წესით იქნება განხილული.
ზოგადი განათლების საფეხური: მივიღეთ გადაწყვეტილება, პირველ კლასელთა ასაკი განისაზღვროს 6 წლით. ბავშვის 1-ელ კლასში დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება 6 წელი. ცვლილებები ამოქმედდება 2026 -2027 სასწავლო წლისთვის.
საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, ზოგადი განათლების საფეხურები განისაზღვრება შემდეგნაირად: 2026-2027 სასწავლო წლიდან დაწყებითი საფეხური - I-VI კლასები, საბაზო საფეხური - VII-IX კლასები, ხოლო საშუალო საფეხური - X-XI კლასები 2027-2028 წლიდან. ამავე სასწავლო წლიდან, მე-11 კლასში იქნება უზრუნველყოფილი სკოლაში ორგანიზებული რეპეტიტორიუმი, რომელიც მოსწავლეს მისცემს შესაძლებლობას სრულფასოვნად მოემზადოს ეროვნული გამოცდებისთვის",- აღნიშნა მიქანაძემ.
გივი მიქანაძემ ერთი სახელმძღვანელოს პრინციპზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას შექმნას ერთ კლასში, ერთ საგანში ერთი სტანდარტული სახელმძღვანელო.
ეს პროცესი 2028 წლის სექტემბრისთვის დასრულდება. ამასთან, მისი თქმით, 2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში, დაწყებით საფეხურზე I-VI კლასებში - სავალდებულო გახდება სასკოლო ფორმა და სკოლებში შემუშავდება ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების წესი, რომელიც უზრუნველყოფს სწავლაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო გარემოს.
როგორ აისახება განათლების სისტემაზე
პოლიტოლოგი, სტუ-ს პროფესორი ედიშერ გვენეტაძე მიიჩნევს, რომ განათლების სისტემაში ცვლილებები აუცილებელია.
„განათლების სისტემას რომ ცვლილებები სჭირდება, ამას ორი აზრი არ სჭირდება. პირველკლასელები ისედაც 6 წლისას შედიან, ახლა გადმოწეულია 15 სექტემბრამდე. ანუ ვისაც შეუსრულდება 15 სექტემბრამდე 6 წელი, ის შევა სკოლაში. მგონი ამაში უცხო და გასაკვირი არაფერია.
- ჩემი აზრით, ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი აუცილებელია. რატომ უნდა იყოს ერთი, ორი და ათი სახელმძღვანელო?! ერთი უნდა იყოს და იმით უნდა სწავლობდნენ ახალგაზრდები.
"ეს იყო გერმანული განათლების სისტემის ქვაკუთხედი, რომელიც საბჭოთა კავშირს აღებული ჰქონდა. საბჭოთა კავშირის ყველაფერს რომ წყალი გადავასხათ, განათლების სისტემა უმაღლეს დონეზე ჰქონდა. ამის დამადასტურებელი არის მაშინდელი მეცნიერული ნაშრომები, თუნდაც მარტო საქართველოში. ასე რომ, ვფიქრობ, ახალი ცვლილებები განათლების სისტემაზე დადებითად უნდა აისახოს",- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ნიკა ჩიტაძე კი, ცვლილებებს უარყოფითად აფასებს:
„აღნიშნული ცვლილება ვერანაირ შემთხვევაში დადებით შედეგებს ვერ მოიტანს. თუნდაც ის, რომ 11 წლიანი გახადეს სკოლები. ევროპული სტანდარტებით ბავშვმა 12 წლიანი განათლება უნდა მიიღოს. ეს ერთი პრობლემა. მეორე, ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი არასწორია, რადგან დაიწერება ერთი სახელმძღვანელო და მაგალითად ისტორიის წიგნი დამახინჯებული იქნება, ვინაიდან სავარაუდოდ, „ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული ე.წ. მეცნიერები დაწერენ.
- ერთი სტანდარტი იქნება, როგორც საბჭოთა კავშირის დროს. რა თქმა უნდა, განათლების სისტემას ეს კიდევ უფრო უკან დაწევს.
საერთოდ რომ აღარაფერი ვთქვა ორი უმაღლესი სასწავლო უნივერსიტეტის გაერთიანებაზე",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".