რეზონანსი
29.01.2026

ინდოეთში, კონკრეტულად დასავლეთ ბენგალის აღმოსავლეთ ნაწილში, ნიპას ვირუსი (NiV) გავრცელდა. ამ ეტაპისთვის უკვე 5 შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირებულთა სიაში კი ექიმები და ექთნებიც შედიან.

სახლის პირობებში კარანტინში ყოფნა დაახლოებით 100 ადამიანს უწევს, ხოლო ინფიცირებულ პაციენტებს კოლკატის საავადმყოფოებში მკურნალობენ. ერთ-ერთი პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

და მაინც, რა არის ნიპას ვირუსი? — ეს პოტენციურად მომაკვდინებელი ინფექციაა, რომლის საწინააღმდეგო ვაქცინა ან წამალიც არ არსებობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) მას მაღალი რისკის პათოგენად მიიჩნევს. როგორც ექსპერტები ამბობენ, ნიპას ვირუსი ადამიანებში იშვიათად ვრცელდება, ძირითადად — ღამურების მიერ დაბინძურებული ხილიდან. საინკუბაციო პერიოდი უმეტესად 4-იდან 21 დღემდე გრძელდება.

NiV-ს ადრეულ ეტაპზევე ამოცნობა რთულია, რადგან ამ დროს კონკრეტული სიმპტომები არ ახასიათებს. როგორც წესი, პაციენტებს გრიპის მსგავსი ავადმყოფობა უვითარდებათ, რომელსაც სიცხე, ასევე თავის/კუნთების ტკივილი და მოთენთილობა ახლავს თან. ზოგ შემთხვევაში რესპირატორული სიმპტომებიც ვლინდება, მაგალითად ხველა, ქოშინი ან პნევმონია.

ნიპას ვირუსის ყველაზე სერიოზული გართულება ტვინის ანთება, ანუ ენცეფალიტია. რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ ნევროლოგიური სიმპტომებიც იჩენს თავს, მაგალითად დაბნეულობა ან უკიდურეს შემთხვევებში კომა. ზოგ პაციენტს მენინგიტიც უვითარდება.

არის თუ არა საქართველოში გავრცელების რისკი?

საქართველოში შეისწავლეს ღამურები და ამ ღამურებში „ნიპას“ ვირუსი ნანახი არ იყო – რაც შეეხება სიმპტომებს, იწყება როგორც ჩვეულებრივი გრიპი, მაგრამ შემდეგ წინა პლანზე გამოდის თავის ტვინის დაზიანება, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

„ეჭვი მაქვს, „ნიპა“ ვირუსი საქართველოსთვის პრობლემა გახდეს. ეს ვირუსი დიდი ხანია არსებობს, 1998 წელს იყო მალაიზიაში პირველი აფეთქება. 27 წელია ამ ვირუსს აკვირდებიან და არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, რომ ეს ვირუსი გასცილდეს იმ 5 ქვეყნის ფარგლებს, სადაც ის ფიქსირდება. ეს არის: ბანგლადეში, ინდოეთი, ჰონგ-კონგი, მალაიზია და ფილიპინები.

ეს განსაკუთრებული ვირუსია, ჯანმო მას განიხილავს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ვირუსს. მას შეუძლია ძალიან მაღალი ლეტალობის პროცენტის განპირობება, ეს არის 45-70%. ის „ებოლასთან“ ერთად განიხილება, როგორც ერთ-ერთი მაღალი ლეტალობის გამომწვევი ვირუსი.

ეს არ გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით, მის გადაცემას სჭირდება ძალიან ახლო კონტაქტი, ან დაინფიცირებული საკვების მიღება.

ამ ვირუსის ძირითადი რეზერვუარი არის ღამურა, ხილის მჭამელი ღამურა. ამ ტიპის ღამურა საქართველოში არ არის, სხვა ღამურები იქნა შესწავლილი საქართველოში და ამ ღამურებში „ნიპას“ ვირუსი ნანახი არ არის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×