
საქართველოში წარმატებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ და დღევანდელმა სიტუაციამ გამოიწვია ის, რომ მთელი მსოფლიო დარწმუნდა, რომ აქ ჩადებული ფული არის უსაფრთხო, - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ.
დეპუტატი გამოეხმაურა ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციას, რომლის თანახმად, მთავრობამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მილიონი დოლარის ოდენობის 5-წლიანი ევროობლიგაციების გამოშვება წარმატებით შეძლო.
„ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას შეუძლია იაფი კრედიტის აღება, ეს ნიშნავს, რომ ინვესტიციები მოიმატებს, რომ სარეიტინგო კომპანიები მოუმატებენ რეიტინგს საქართველოს. ჩვენ რომ ვამბობთ, რომ საქართველოს ეკონომიკა ჯანსაღია და კარგად ვითარდება, ამას ეთანხმება სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს უკვე რეიტინგები კი არ არის, არამედ ეს არის ფაქტი. საქართველოში წარმატებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ და დღევანდელმა სიტუაციამ გამოიწვია ის, რომ მთელი მსოფლიო დარწმუნდა, რომ აქ ჩადებული ფული არის უსაფრთხო“, - აღნიშნა კვიჟინაძემ.