რეზონანსი
29.01.2026

გაშიფრულია სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან თავის არიდების უკანონო სქემა - სუს-ში გამართული ბრიფინგიდან გაირკვა, რომ ექიმები გასცემდნენ ყალბ ცნობებს, რომ ახალგაზრდებს ჯარისთვის თავი აერიდებინათ. გამოძიების მტკიცებით, სქემაში საჯარო მოხელეებიც იყვნენ ჩართულნი. 

სუს-ში დღეს 7 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ისაუბრეს და თქვეს, რომ ჯამში 21 პირი აიყვანეს. 

თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში, თბილისში ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების, ასევე, სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე, დაკავებულები არიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ექიმი-ფსიქიატრი და ამავე ცენტრის უსაფრთხოების თანამშრომელი.

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ექიმმა-ფსიქიატრმა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით, უსაფრთხოების თანამშრომლის დახმარებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, წვევამდელ პირს დაუდგინა ყალბი სამედიცინო დიაგნოზი და დაუმზადა ყალბი ინფორმაციის შემცველი სამედიცინო ცნობა, რომლის გამოყენებითაც ის შეძლებდა სამხედრო ვალდებულებისგან გარკვეული პერიოდით თავის არიდებას.

გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, 25-338-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 341-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს"- აცხადებენ სუს-ში. 

მდინარაძის უწყებაში აღნიშნავენ, რომ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ თაღლითობის ფაქტზე, დააკავეს ერთი მოქალაქე, ერთ პირს კი ბრალდება წარედგინა.

გამოძიების ცნობით,  ბრალდებულები, თითქოსდა სამხედრო-სამედიცინო კომისიის წევრის დახმარებით, მოქალაქეს ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადებას დაჰპირდნენ ჯანმრთელობის მდგომარეობის დროებით შეუსაბამობის დადგენის გზით. ამის სანაცვლოდ მათ მოქალაქეს  10 000 ლარის გადახდა მოსთხოვეს და წინასწარ გამოართვეს 5 000 ლარი. რეალურად კი არანაირი დახმარება არ გაუწევიათ და მიღებული თანხა თაღლითურად მიისაკუთრეს.

აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების არაერთგზის დამზადების, გასაღებისა და გამოყენების ფაქტებზე ბრალდება წარედგინათ  ასევე ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ყოფილ უფროსს და შპს „ბერმუხის“ მმართველს.

გამოძიებით დადგინდა, რომ სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაბამისი კომისიების გადაწყვეტილებების გარეშე,  სამედიცინო დასკვნების გაყალბებით, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გასაწვევად ექვსი წვევამდელი აღრიცხვაზე აიყვანა, რომელთაგან ნაწილი ალტერნატიული არასამხედრო შრომითი სამსახურის მოსახდელად მიავლინეს შპს „ბერმუხაში“. კომპანიის ფაქტიურმა მმართველმა არაერთგზის გასცა ყალბი ცნობა-დახასიათებები, რომ თითქოსდა აღნიშნული წვევამდელები დასაქმებული იყვნენ შპს „ბერმუხაში“ და გადიოდნენ არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს. კიდევ ერთი დეტალი, აღნიშნულ პერიოდში წვევამდელთა ნაწილი ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა"- აცხადებენ სუს-ში. 

აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, 341-ე მუხლით და 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×