რეზონანსი
29.01.2026

მიზანი არის ერთადერთი - კონტროლი. როგორც ჩანს, არ მოხერხდა არსებული ადმინისტრაციების პირობებში “დრაკონული” ცვლილებების გატარება, - ამის შესახებ თსუ-ს პროფესორმა, ლევან გორდეზიანმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უნივერსიტეტების გაერთიანება “ძალიან ცუდია”.

“არ შეიძლება ასეთი გადაწყვეტილებები მიიღებოდეს უნივერსიტეტებთან და აკადემიურ საზოგადოებასთან საუბრის გარეშე. მიზანი არის ერთადერთი - კონტროლი. როგორც ჩანს, არ მოხერხდა არსებული ადმინისტრაციების პირობებში “დრაკონული” ცვლილებების გატარება, შესაბამისად, ორი უნივერსიტეტი ერთიანდება, ინიშნება დროებითი მმართველობა, რომელმაც სავარაუდოდ, ნაჯახით უნდა გაჩეხოს“, - აღნიშნა ლევან გორდეზიანმა.

რაც შეეხება უშუალოდ განათლების რეფორმას, როგორც ლევან გორდეზიანმა აღნიშნა, რაც დღეს ხდება, არის იმის საწინააღმდეგო, თუ რას ნიშნავს განათლების სისტემა.

“გზადაგზა გამოჩნდა მთელი სისრულით ის მავნებლობა, რაც ჩადებულია. საწყენია, რომ “ქართული ოცნება” გვიყურებს, როგორც საკუთარ აქტივს, საკუთრებას. როგორც ეჩვენებათ, რომ გამოადგებათ, ისე განგვკარგავენ. ეს არის საწინააღმდეგო იმის, თუ რას ნიშნავს განათლების სისტემა დღეს. განათლება უნდა გვაძლევდეს განათლებულ, თავისუფლად მოაზროვნე ადამიანს, ისინი კი ამას უპირისპირდებიან. ამ ფარგლებში, რაც არ უნდა კარგად დაალაგონ, ეს მიდგომა მიუღებელია. რაღაცები არ იციან, დეტალებიც არ ესმით და ბევრს ცოდავენ. ცალკეულ დეტალს თავისი უარყოფითი შედეგი ექნება, თუ მოესწრო განხორციელება”, - აღნიშნა ლევან გორდეზიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×