რეზონანსი
29.01.2026

ყოველგვარ ლოგიკას სცდება, როდესაც არამარტო ჩვენი ოპონენტები, არამედ საერთაშორისო პარტნიორები გამოდიან და აცხადებენ, რომ ქვეყანა არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით უნდა მართონ და დააფინანსონ ის ჯგუფები, რომლებიც ამ ექსტრემისტულ პროცესებს ავითარებენ საქართველოში, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან „გრანტების შესახებ კანონში“ დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით “წარმოუდგენელი განცხადება გააკეთა თუნდაც ევროკავშირის გაფართოების საკითხებში კომისარმა, მარტა კოსმა.”

“თუკი ხელისუფლება მოითხოვს, რომ საქართველოს საზოგადოებამ იცოდეს, რა თანხა შემოდის და რა პროექტებს ხმარდება, მაშინ გამოსავალი ის კი არ არის, რომ ისაუბრონ და გამჭვირვალობა შესძინონ თანხების ოდენობას და პროექტებს, არამედ ის, რომ სხვა გზა უნდა მოიძებნოს, რომ ეს რესურსი შემოვიდეს საქართველოში, რომელიც რევოლუციური პროცესის განვითარებას ხმარდება. ამის თაობაზე წარმოუდგენელი განცხადება გააკეთა თუნდაც ევროკავშირის გაფართოების საკითხებში კომისარმა, მარტა კოსმა. ის კი არა, რომ ითანამშრომლოს და ელემენტარული მოთხოვნა შეასრულოს და თან ლოგიკური ნაბიჯი გადადგას იმასთან დაკავშირებით, რომ ფინანსური რესურსის გამოყენებით თანამშრომლობა გამჭვირვალე იყოს. არა - პირდაპირ გეუბნება, რომ იმ თანხას შემოვიტან და კანონის გვერდის ავლისთვის გზებს მოვძებნიო. ეს ხომ შავი ფულია? მით უმეტეს ეს შავი ფული საქართველოში დესტაბილიზაციას ემსახურება. რა საკვირველია, ამასთან დაკავშირებით კანონი უნდა მიიღო”, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

კითხვაზე, რომელიც კანონში დაგეგმილი ცვლილებებით პოლიტიკური თანამდებობის დაკავებას შეეხება, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში საუბარია ადამიანებზე, რომლებიც არათუ არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობდნენ, არამედ აქტიურად იყვნენ ჩართული იმ პროცესებში, „რომელიც ქვეყნის დაზიანებას და სერიოზული პრობლემების შექმნას ლამობდა გარედან შემოტანილი თანხით და არა იმ რესურსით, რომელიც მას ანდო ამომრჩეველმა, მხარდამჭერმა სტრუქტურამ ან საზოგადოების ნაწილმა“.

„ფული შემოიტანა იმისთვის, რომ ქვეყანას დაუპირისპირდეს და რევოლუცია მოაწყოს. ვერავინ დაგვაჯერებს, რომ ამ საქმიანობის შემდეგ მისი პოზიცია შეიცვლება. თუ რაიმე სადავოა, ამისთვის არსებობს პარლამენტი, კომიტეტებში განხილვა, სამუშაო ჯგუფებში და პლენარულ სხდომაზე განხილვა და თვალყური უნდა მივადევნოთ, როგორ განვითარდება დავა”, - აღნიშნა ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×