
"ოცნებამ" ახალი რეგულაციები აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ვიზიტს სპეციალურად დაამთხვია" - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ აშშ-ის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, "გრანტების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებები კონკრეტული სიგნალია ამერიკელებისთვის, რომ "ეს ქვეყანა ჩვენ გვიდევს ჯიბეში და რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთო".
ცხადია, პირველ რიგში, კითხვები ეხებოდა გუშინ მიღებულ რაღაც ახალ რეგულაციებსაც, რომელიც ჩემი აზრით, სპეციალურად დაამთხვიეს კონგრესის ამ დელეგაციის ვიზიტს საქართველოში და რა პრობლემები შეიძლება ამან შეგვიქმნას უკვე პოლიტიკურ მოთამაშეებს ისე, როგორც სამოქალაქო საზოგადოებას. ინფორმაცია ყველაფერზე ჰქონდათ, უბრალოდ რაღაც დეტალები იყო, რაზეც ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია დამატებით, იქიდან გამომდინარე, რეები ხდება ქვეყანაში უკანასკნელი თვეების განმავლობაში.
ამერიკა რჩება საქართველოს პარტნიორად, ამერიკა რჩება ქართველი ხალხის პარტნიორად. მათ აინტერესებთ, საქართველო იყოს საბოლოო ჯამში განვითარებული, ლიბერალური, წარმატებული, დემოკრატია და ამისთვის გააკეთებენ ყველაფერს.
ჩემი აზრით, რუსების მხრიდან არის სიგნალი კონკრეტულად ამერიკელებისთვის, რომ ეს ქვეყანა ჩვენ გვიდევს ჯიბეში და რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთ. მე რა მჯერა ეგეთი დამთხვევების, რომ ჩამოდის კონგრესის დელეგაცია და მაინც და მაინც მაგ დღეს გამოდიან და ატარებენ ბრიფინგს და აცხადებენ ახალ რეგულაციების პაკეტს რომელიც პირდაპირ არის მიმართული, რომ მოკლან ამ ქვეყანაში კრიტიკული მედია, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები," - განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.
"ქართული ოცნება "გრანტების შესახებ" კანონს ამკაცრებს - შესაბამისი განცხადება პარტიის ოფსში გაკეთდა.