
ვთქვათ, საქართველოში გვჭირდება 150 ინჟინერი, არ უნდა შეიქმნას ისეთი ხელოვნური სიტუაცია, რომ 700 ინჟინერი გამოვუშვათ და დავაფინანსოთ მაშინ, როცა ვიცით, რომ 150 კაცზე მეტს ვერ დავასაქმებთ ამ სფეროში. ამიტომ მოხდა ეს ოპტიმიზაცია და სპეციალობების გადანაწილება, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განათლების რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ძირითადი აქცენტი გაკეთებულია სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების სეგმენტზე.
“როდესაც სახელმწიფო ხარჯავს ფულს ამ უმაღლეს სასწავლებლებზე, უნდა იცოდეს, რა ეფექტის მომტანია ის. ამ კონცეფციაში ნათლად გაწერილია, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მოხდება ამ ყველაფრის ოპტიმიზაცია. ეს სხვა საქმიანობას კერძო უნივერსიტეტებს არ უკრძალავს - ეს მათი საქმეა. ვთქვათ, საქართველოში გვჭირდება 150 ინჟინერი, არ უნდა შეიქმნას ისეთი ხელოვნური სიტუაცია, რომ 700 ინჟინერი გამოვუშვათ და დავაფინანსოთ მაშინ, როცა ვიცით, რომ 150 კაცზე მეტს ვერ დავასაქმებთ ამ სფეროში. ამიტომ მოხდა ეს ოპტიმიზაცია და სპეციალობების გადანაწილება, მაგრამ ეს მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებს ეხება.
სხვა ბაზრისთვისაც რომ არსებობს ეს ყველაფერი, ეს მე უნდა დავაფინანსო? ასე ხომ არ უნდა განვსაზღვრო, ეს ფული ხომ ჩემი და თქვენი ბიუჯეტიდან მიდის? ძირითადად ყველაფერი იმით უნდა განვსაზღვროთ, ჩვენ რა გვჭირდება. გადასახადს რომ გართმევთ აღებული ხელფასიდან, უნდა იცოდეთ, რომ ამ გადასახადიდან რაღაცას რომ წავიღებ განათლებაში, ის ადამიანი შემდეგ ადამიანის ეკონომიკურ ბრუნვაში ჩაებმება, ანუ ჩვენს სახელმწიფოს ამა თუ იმ ფორმით გაუწევს სამსახურს”, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
რაც შეეხება კონკრეტულად თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანებას, შარმანაშვილმა აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, ორივე უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელი, ჩართულია საკითხის განხილვაში თუ როგორ მოხდეს ეფექტურად ფუნქციების გადანაწილება.
“უნივერსიტეტების გაერთიანება ოპტიმიზაციაა და მთელ ქვეყანაში ამ პოლიტიკის განსაზღვრა მოხდება. ძალიან დაბალია ტექნიკურ საკითხებზე [ჩაბარების] მსურველთა დონე. თითქმის არავინ მიდის საინჟინრო და სხვა განათლების მისაღებად. აქაც გარკვეული პოლიტიკა იქნება გასაწევი. თბილისის დონეზე ერთი სახელმწიფო უნივერსიტეტის ფარგლებში უფრო მოსახერხებელი და ადვილად დასაგეგმი იქნება. რამდენადაც ვიცი, ჩართული არიან ორივე უმაღლესის სასწავლებლის ხელმძღვანელები, როგორ მოხდეს უფრო ეფექტურად ამ ფუნქციების გადანაწილება”, - განაცხადა შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება. უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, მინისტრის ბრძანებით, შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო - საბჭო და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც წარმართავენ რეორგანიზაციის პროცესს.