
ყველა აფთიაქს ექნება ვალდებულება, რომ გარკვეული ასორტიმენტის მედიკამენტები მარაგში ჰქონდეს. კომერციული ინტერესი არ უნდა ახდენდეს გავლენას, რომელი ფარმაცევტული პროდუქტით ვაჭრობა არის მოგებიანი ან წაგებიანი, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომის ფარგლებში ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, სააფთიაქო ქსელებს, უნდა ჰქონდეთ გარკვეული პასუხისმგებლობა და გაიაზრონ, რომ მედიკამენტების დეფიციტის საკითხი საჯარო პოლიტიკის ნაწილია, მისი რეგულირება კი აუცილებელი.
„ე.წ. ესენციური მედიკამენტები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ნებისმიერ აფთიაქს მარაგში უნდა ჰქონდეს. შევხედავთ, როგორ შეიძლება, დავაზღვიოთ ასეთი რისკებისგან მოქალაქეები. დაგვჭირდება ოპტიმალური ხერხების შემოტანა, რომლითაც პრაქტიკულად, გამორიცხული იქნება ამგვარი პერიოდული დეფიციტები.
სამწუხაროდ, არსებობს შემთხვევებიც, როდესაც მიწოდების კუთხით, იმპორტიორს ან სააფთიაქო ქსელს ექმნება გარკვეული შეფერხება. ამის დამზღვევი მექანიზმები დღესაც არსებობს ჩვენს კანონმდებლობაში, თუმცა ყოველთვის შეიძლება ფიქრი, როგორ დავხვეწოთ სისტემა დეფიციტების თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.