ნატალია ჯვარიძე
28.01.2026

ევროპა ახალ რეალობას უნდა მოერგოს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ევროპის თავდაცვის სააგენტოს კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მომავლისთვის უნდა მოვემზადოთ. ჩვენ წინაშე არსებული კრიზისი ბოლო ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაღრმავდა. ევროპა ვაშინგტონის გრავიტაციის ცენტრში აღარ არის. ეს ცვლილება დიდი ხანია მიმდინარეობს, ის სტრუქტურულია და არა დროებითი", - განაცხადა კალასმა.

ასევე, მისი თქმით, ნატო „ძალის შენარჩუნების მიზნით უფრო ევროპული უნდა გახდეს".

„ამის მისაღწევად ევროპამ უნდა იმოქმედოს. უნდა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინიციატივები ნატო-სთან თავსებადი იყოს. ნატო-სთან ჩვენი ძალისხმევა უნდა შევათანხმოთ. ბურთი ნატო-ს მოედანზეა. ნატო რაც უფრო მეტ ინფორმაციას გაგვიზიარებს საჭიროებების შესახებ, მით უფრო მეტად შევძლებთ შეთანხმებას", - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

თსუ-ს პროფესორი, კორნელი კაკაჩია ფიქრობს, რომ ევროკავშირმა საკუთარი როლი თანამედროვე მსოფლიოში ხელახლა უნდა გადაიაზროს და ნელ-ნელა გეოპოლიტიკური აქტორი უნდა გახდეს.

„ახალი რეალობა ნიშნავს იმას, რომ დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე გარკვეული გამოწვევებია უსაფრთხოების თვალსაზრისით, მათ შორის ევროკავშირისთვის. თუ აქამდე ითვლებოდა, რომ ამერიკა ევროპის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა, ახლა აშკარად გამოიკვეთა, ამერიკას სურს, ევროპამ თავად აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავსა და მეზობლებზე.

ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა უფრო მეტი თანხები უნდა გამოყონ თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის და ასევე, უკრაინას დაეხმარონ. აშშ უკრაინას ისედაც დაეხმარება, მაგრამ მას უნდა, რომ ევროპამ აიღოს ძირითადი პასუხისმგებლობა, რადგან ეს თანხები მერე ჩინეთის საპირწონედ გამოიყენოს, რათა მასთან სტრატეგიული ურთიერთობები დააბალანსოს.

რა თქმა უნდა, ეს ევროპას გარკვეულწილად გამოწვევების წინაშე აყენებს, მითუმეტეს ამერიკა მოითხოვს ნატოს წევრებმა თანხის 5%-ზე მეტი გამოყონ, რასაც მთლიანად ახალი კონცეფტის შექმნა სჭირდება.

  • საერთოდ ევროკავშირმა გეოპოლიტიკურად საკუთარი როლი თანამედროვე მსოფლიოში ხელახლა უნდა გადაიაზროს და ნელ-ნელა გეოპოლიტიკური აქტორი უნდა გახდეს.

აქამდე რაღაც ეკონომიკური გაერთიანება იყო, ახლა კი მხოლოდ პოლიტიკური კი არა, არამედ თავდაცვის და უსაფრთხოების როლის შესრულებაც მოუწევს",- განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×