
ჰელსინკის კომისიამ საქართველოს შესახებ 28 იანვარს დაგეგმილი ბრიფინგი გადადო უამინდობის მიზეზით - ამის შესახებ ბრიფინგამდე საათებით ადრე თავად კომისიამ დაწერა. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ "ვაშინგტონში მზიანი ამინდია", თუმცა არაა გამორიცხული, რომ კონკრეტულ ლოკაციაზე "ამინდი ცუდია".
"ეს ბრიფინგი ამინდის პირობების გამო გადაიდო", - ვკითხულობთ კომისიის განცხადებაში.
მანამდე კომისიამ დაწერა, რომ "ბრიფინგი განიხილავს ადამიანის უფლებების მხრივ გაუარესებულ მდგომარეობას, "ქართული ოცნების" ტაქტიკას განსხვავებული აზრის მქონე პირების დასჯისა და დემორალიზაციის მიზნით, ასევე, საქართველოს წინსვლისთვის სამომავლო გზებს".
დისკუსიის მონაწილეთა შორის იყვნენ მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი ლორა თორნტონი და ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მკვლევარი ოლესია ვართანიანი.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გავრცელებული ცნობებით აშშ-ში უამინდობაა, ყინვას და დიდთოვლობას ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა, მილიონობით აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, გადადებულია ავიარეისები, დახურულია სკოლები.
"როიტერსი" წერს, რომ უამინდობის გამო სამშაბათს აშშ-ში დაახლოებით 2190 ავიარეისი გაუქმდა და 4630-ზე მეტი გადაიდო. ზამთრის შტორმის შედეგად 40-მდე ადამიანია გარდაცვლილი. უსახლკარო ადამიანები კი პოლიციამ თავშესაფრებში გადაიყვანა.
აშშ-ის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, დაბალი ტემპერატურა მიმდინარე კვირის ბოლომდე და მომდევნო კვირის დასაწყისშიც შენარჩუნდება.
გადადების შესაძლო მიზეზები
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ალბათ მართლა მეტეოროლოგიური პრობლემების გამო გადაიდო, თუმცა ბევრი შესაძლო მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო, მათ შორის პოლიტიკური.
"თუკი მიზეზად უამინდობაა გამოცხადებული, ალბათ მართლა იყო რაღაც მეტეოროლოგიური მიზეზები, თორემ სხვა შემთხვევაში ამას მიზეზად არ დაასახელებდნენ. ამერიკაში ძალიან სკურპულოზურად უდგებიან საერთოდ ფრენების უსაფრთხოებას და თუკი ოდნავი მეტეოროლოგიური პრობლემა არსებობდა, ამის გამო ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ არ დააყენებდნენ.
"ვერ გეტყვით ნამდვილად მეტეოროლოგიური პრობლემების გამო გადაიდო, თუ იქ შიგნით მოხდა რაღაც ისეთი, რამაც აიძულა, რომ გადაედოთ, მაგრამ ის, რომ შეიძლებოდა ამინდის გამო გადადებულიყო, გამორიცხული არაა.
- "მხოლოდ ვარაუდების დინეზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ შესაძლოა ჩათვალეს, რომ შეხვედრა სათანადოდ მომზადებული არ იყო, ან შეიძლება ნახეს ხელისუფლების რეაქცია და მიიჩნიეს, რომ ძალიან ცალმხრივად განწყობილი მომხსენებლები ჰყავდათ მიწვეული და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე რეალურ სურათს ვერ მიიღებდნენ.
"ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს, ან შეიძლება ჩათვალეს, რომ საქართველოსთან მორიგ ჯერზე ურთიერთობის გამწვავება მიზანშეწონილი არ იქნებოდა, რადგან ჰელსინკის კომისიის რეზოლუცია მერე სათანადო სახელისუფლებო ორგანოებს ეგზავნება და მათზე შეიძლება რეაგირება იყოს, ან არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რჩება, ქვეყნდება და მაინც შეაქვს გარკვეული არცთუ ისე პოზიტიური კორექტივები ორმხრივ ურთიერთობაში.
"გადადების მიზეზი ბევრი ფაქტორი შეიძლება ყოფილიყო, ამინდიდან დაწყებული, პოლიტიკური და კონიუქტურული მომენტებით დამთავრებული",- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ აშშ-ში ცუდი ამინდები ნამდვილად არის, თუმცა არაა გამორიცხული სხვა მიზეზითაც გადაედოთ მოხსენება.
"არაფერია გამორიცხული, მაგრამ მოგეხსენებათ საქართველოში კონგრესის წარმომადგენლები არიან ჩამოსულები, აქედან გამომდინარე, თავად აშშ-შიც ჰელსინკის კომისიასთან დაკავშირებით ცოტა სხვანაირი სიტუაციაა, ვინაიდან მთავარი მოხსენება ქართველი ერის მოსისხლე მტერმა - ლორა თორნტონმა უნდა გააკეთოს.
- "ეტყობა სხვადასხვა დინებები მიდის, თორემ ახლა რა ისეთი ამინდია, რომ ყველგანმავალი მანქანები ვერ გადის. არ აქვთ იმის საშუალება, რომ ქვეყნის ცენტრში გადაადგილდნენ კონგრესმენები? კი, მართალია აშშ-ში ცუდი ამინდებია, მაგრამ უფრო მგონია, რომ თითიდან გამოწოვილი პრობლემაა და ამერიკელებს აინტერესებთ რეალურად ადგილზე რა სიტუაციაა.
"ამერიკის გონგრესის წარმომადგენლები რომ არიან საქართველოში, ამით უკვე გადატვირთვის ეპოქა იწყება", - განაცხადა გვენეტაძემ.
"ოცნების" ვარაუდი
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, იმ ფაქტით, რომ ჰელსინკის კომისია „მოწმედ" დონალდ ტრამპის მტერ ლორა თორთონს იწვევს, საკუთარი თავის დისკრედიტაციას ახდენს.
"მე ჩავხედე ვაშინგტონის ამინდის პროგნოზს და მზიანი, უნალექო ამინდია და როგორც ჩანს, ალბათ, ვაშინგტონში ალაგ-ალაგ ქარი ქრის, შეიძლება იმ ალაგზე ცუდი ამინდია. ვერ გეტყვით ან სხდომის მოწვევა რა იყო, ან სხდომის გადადება რა იყო, თუმცა ერთი რამ კი თვალში საცემი იყო - როდესაც პრეზიდენტ ტრამპის მტერს, ლორა თორთონი, რომელიც მას სექსუალურ მოძალადედ მოიხსენიებს, ჩვენების მისაცემად იწვევ, მე მგონი, პირველ რიგში, საკუთარი თავის დისკრედიტაციას აკეთებს ჰელსინკის კომისია ამ ფაქტით.
"აშშ-ის პრეზიდენტის წინააღმდეგ ტყუილების შემთხზველ ქალბატონ თორთონს იწვევ მოწმედ, შესაბამისად, მისი სანდოობა რამდენად შეიძლება იყოს სერიოზული კონგრესისთვის, ესეც კი მეტყველებს. როდესაც პრეზიდენტ ტრამპის მტერს იწვევენ მოწმედ ჰელსინკის კომისიის რესპუბლიკური პარტიის წევრები, ეს უკვე მეტყველებს, რომ ვერ ერკვევიან საკითხებში, ვისთან საუბრობენ და ვისთან აქვთ საქმე და თუ ასეთ ხალხს ეყრდნობიან საკუთარი აზრის ჩამოსაყალიბებლად, კარგად ყოფილა მაგათი საქმე", - განაცხადა პაპუაშვილმა.