
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი ილონ მასკს მოუწოდებს, რუსეთს Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტ სერვისზე წვდომა შეუწყვიტოს. ამას მასკი უკვე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ეს დორბლიანი იმბეცილი ვერც კი ხვდება, Starlink-ი უკრაინის სამხედრო კომუნიკაციების ხერხემალია".
რადოსლავ სიკორსკიმ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ში დაფუძნებულმა „ომის შესწავლის ინსტიტუტმა" განაცხადა, რომ რუსეთის არმია Starlink-ის თანამგზავრებს უკრაინის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმების განსახორციელებლად იყენებს.
„ჰეი, დიდო კაცო, ილონ მასკ, რატომ არ უშლით ხელს რუსებს უკრაინის ქალაქებზე თავდასხმებისთვის Starlink-ის გამოყენებაში? ომის დანაშაულებზე ფულის გამომუშავებამ შეიძლება თქვენი ბრენდი დააზიანოს", - დაწერა პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა X-ზე.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ილონ მასკი ცდილობს რუსეთის ბაზარი აითვისოს.
„ილონ მასკი ცდილობს რუსეთში ფეხი შედგას და გარკვეულწილად ის ბაზარიც აითვისოს. სტარლინკს უკრაინის შეიარაღებული ძალებიც იყენებენ, რომელიც მათ ეხმარებათ საბრძოლო მოქმედებების ეფექტურად წარმართვაში.
როგორც ჩანს, ტრამპსა და პუტინს შორის დაახლოების პოლიტიკა დაიწყო და ეს რამდენიმე ფაქტორით გამოიკვეთა, თუნდაც ის, რომ ხშირად აქვთ კომუნიკაცია. ასევე, ტრამპმა პუტინი ღაზის „მშვიდობის საბჭოში" მიიწვია.
მასკი ტრამპის უახლოესი მეგობარია და როგორც ჩანს, ცდილობს რუსეთში თავისი კომერციული დასაყრდენი კიდევ უფრო განავითაროს. წესით მას კარგად უნდა ესმოდეს, რომ სტარლინკის განვითარება შესაძლოა ამერიკას საკმაოდ ცუდი ფორმებით დაუბრუნდეს, რადგან დღეს ამერიკა და რუსეთი ერთმანეთის მაინც დიდი მტრები არიან ე.წ. კოსმოსური შეიარაღების რბოლაში.
მაგალითად, ტრამპის და მასკის პროგრამა მთვარის ათვისების შესახებ - რუსეთი საკმაოდ ინტენსიურად ავითარებს ამ პროექტს. უფრო მეტსაც გეტყვით, 2028 წლიდან უკვე რუსეთი გადადის მთვარის ათვისების პროექტზე და 2035 წლისთვის აპირებს მთვარეზე უკვე ცოცხალი კოსმონავტების გაგზავნას.
ამისთვის რუსეთმა სერიოზული თანხაც გამოყო. შეიძლება რუსეთ-ამერიკის კიდევ ერთი დაპირისპირების მიზეზი იყოს ჩინეთისა და რუსეთის მარსის ათვისების ერთობლივი პროექტი. ესეც გასათვალისწინებია. მითუმეტეს, ამერიკის სამხედრო სტრატეგია გამოქვეყნდა, სადაც პირდაპირ წერია ამერიკის სამი სამხედრო მტერი - რუსეთი, ჩინეთი და ჩრდ. კორეა", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".