
ალბათ, მათთვის საინტერესოა, მოისმინონ პირველწყაროდან, თუ რა ხდება სინამდვილეში, საქართველოში და არ მოისმინონ ლორა თორნტონებისა და ეკა გიგაურებისგან, რომლებიც საქართველოს მიმართ მტრული რიტორიკით არიან გამორჩეულები, - განაცხადა მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტმა მას აშშ-ის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით ჰკითხა.
„დელეგაციის წევრები კონგრესის ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან, სხვადასხვა კონგრესმენის მრჩევლები. ეს არის ე.წ. სტაფერების ვიზიტი. მათ აქვთ სხვადასხვა შეხვედრა, მათ შორის პარლამენტშიც ექნებათ. მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ყოველთვის მზად ვართ ვისაუბროთ. გასაგებია, რომ ეს პოლიტიკური ხასიათის შეხვედრები ნაკლებად იქნება. ვინაიდან მრჩევლები არიან და შემდეგ ამბავს ჩაიტანენ იმ კონგრესმენებთან, ვისი მრჩევლებიც არიან, ალბათ მათთვის საინტერესოა მოისმინონ პირველწყაროდან, თუ რა ხდება სინამდვილეში საქართველოში და არ მოისმინონ ლორა თორნტონებისგან და ეკა გიგაურებისგან, რომლებიც საქართველოს მიმართ მტრული რიტორიკით არიან გამორჩეულები“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
საქართველოს აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია ეწვია.