
ერთმნიშვნელოვნად ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. ბევრი მოსაზრება გამოითქვა, როგორ ხედავს არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ, როგორ ხედავენ ფასების შემცირებისა და პროდუქციის ხელმისაწვდომობის საკითხებს თავად სექტორის წარმომადგენლები. ასევე საუბარი იყო ხარისხსა და ხელმისაწვდომობის სხვა კომპონენტებზე, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომის ფარგლებში, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სექტორის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრები, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისა და კომისიის შექმნის მთავარი მიზნის მისაღწევად კარგ პერსპექტივას აჩენს.
„რა თქმა უნდა, ეს სპეციფიკური სფეროა, იმ სხვა დარგებისგან განსხვავებით, სადაც გარკვეული მექანიზმები უკვე იმპლემენტირებულია. ბუნებრივია, ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ თავად სექტორი არის განწყობილი ერთმნიშვნელოვნად დადებითად. მეორეს მხრივ, იმედიანად უყურებს ფასების ოპტიმიზაციის, მისი უფრო მეტად სამართლიანად რეგულირების საკითხს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
შეხვედრა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და მას 25 ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.