თამთა ჩაჩანიძე
28.01.2026

აშშ-ს კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია საქართველოს ეწვია. თბილისში ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, ისინი შეხვდებიან საქართველოს ოფიციალურ პირებს და ოპოზიციის ლიდერებს, ასევე ეწვევიან დევნილთა დასახლებას წეროვანში, საქართველოში არსებული ვითარების გაცნობის მიზნით.

„მოხარულები ვართ ვუმასპინძლოთ კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციას საქართველოში! რეგიონული ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შეხვდებიან საქართველოს ოფიციალურ პირებსა და ოპოზიციის ლიდერებს. ასევე, ეწვევიან დევნილთა დასახლებას წეროვანში, რათა გაეცნონ საქართველოში არსებულ ვითარებას",- აღნიშნულია აშშ-ს საელჩოს ინფორმაციაში.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ თბილისში კონგრესის ადმინისტრაციის თანამშრომლები და კონგრესმენების მრჩევლები იმყოფებიან და პოლიტიკური ხასიათის შეხვედრები ნაკლებად იქნება.

რისთვის ჩამოვიდა დელეგაცია აშშ-დან

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ დელეგაციის ვიზიტის მიზანი ადგილზე ვითარების უკეთ გაცნობაა.

"შეიწავლიან არსებულ ვითარებას, როცა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი სომხეთსა და აზერბაიჯანში ჩადის და აქ ლაპარაკია სატრანსპორტო პროექტების განხორციელებაზე, საქართველოს გვერდს ვერ აუვლიან. არაა გამორიცხული ასევე, რომ აშშ-ს ჰქონდეს სურვილი შუამავლის როლი ითამაშოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში, რომ საქართველოზე მისი გავლენა შედარებით უფრო განმტკიცდეს.

  • "ხშირად ხელისუფლებისგან ანტიამერიკული განცხადებები კეთდება, თუმცა მაინც ანგარიშს უწევენ იმ ვითარებას, რომ "ქართული ოცნება" ჯერ ხელისუფლებას ინარჩუნებს. ამასთან, ეს გამოვლინება და მინიშნებაა იმისა, რომ საქართველო თავისი გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური და გეოსტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, მაინც ყურადღების ცენტრშია.

"შეხვედრები ორივე მხარესთან შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები დაიწყოს და მანამდე მოსინჯონ ნიადაგი. ასევე შეიძლება აინტერესებდეს ქვეყანაში რეალურად რა ხდება. საოკუპაციო ხაზთანაც რომ ჩადიან ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებენ და მზად არიან გაეცნონ ოკუპირებულ ტერიტორიების სიახლოვეს არსებულ ვითარებას",- განაცხადა ჩიტაძემ.

საკითხზე, რისთვისაა ჩამოსული აშშ-ს დელეგაცია საქართველოში, ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ გააჩნია ვინ არიან მის შემადგენლობაში და ვის მიმართ რა განწყობით არიან.

  • "გააჩნია ვინ არიან დელეგაციის შემადგენლობაში და რა განწყობით არიან ჩამოსულები. ჯერჯერობით ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი შედეგია. რაც ტრამპი პრეზიდენტად მოვიდა, მას შემდეგ არც სახელმწიფო დეპარტამენტიდან არ ყოფილა რაიმე ისეთი განცხადება და კონგრესის მხრიდანაც შემცირდა.

"თუმცა, კონგრესმენია უილსონიც, რომელიც ცალკეულ მომენტებში საქართველოს ხელისუფლებას ცილს სწამებს ბოდვის დონეზე. ამბობს, რომ საქართველო იმართება ჩინეთის კომპარტიისა და ირანის აიათოლების მიერ. არიან შაჰინი, რიში და ის სენატორები, რომლებიც ამბობენ, რომ ავტორიტარიზმია, პრორუსული ძალაა და ა.შ.

"მე პრაქტიკულად კონგრესსა და სენატში არავის გამოსვლა არ გამიგია საპირისპირო რომ ეთქვა, თუმცა, ის, რომ ტონი და ინტენსივობა შეიცვალა, სახელმწიფო დეპარტამენტისა და აქაური საელჩოსგან საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო დიდი ხანია არაფერი არ მომისმენია, ეს კარგია, მაგრამ გააჩნია ვინ ჩამოვიდნენ.

"ასეთი დელეგაცია ყველგან ჩადის, ვერ დავუკავშირებ ამას სამხრეთ კავკასიაში ვენსის დაგეგმილ ტურნეს. ეს არის ის, რასაც რეგულარულად ყოველთვის აკეთებენ. მე, როგორც პარლამენტის წევრი, თუ კანცელარიის უფროსი ასეთ დელეგაციას ყოველთვის ვხვდებოდი - კონგრესმენებს, სენატორებს, ვინც ასე რეგიონალური ვიზიტებით ჩამოდიოდა.

"როგორც წესი, ასეთი ვიზიტები ემსახუება იმას, რომ ადგილზე გაეცნონ რეალურად რა ვითარებაა, მაგრამ აქვე უნდა ვთქვა, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თავად დელეგაციის წევრები როგორი განწყობით არიან და შემდეგ ვინ რას ელაპარაკება. ანტიეროვნული ძალები მაშინვე გადაუშლიან ხოლმე სრულიად ყალბ დეზინფორმაციას.

"კარგია, რომ დელეგაცია ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება. კარგია, რომ აშშ-დან ჩვენთანაც ჩამოდის დელეგაცია და არა მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანში",- განაცხადა მამრაძემ.

რას აბობენ "ოცნებაში"

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ დელეგაციის წევრებს შეხვედრა პარლამენტშიც ექნებათ.

"[დელეგაციის წევრები] კონგრესის ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან, სხვადასხვა კონგრესმენის მრჩევლები. ეს არის ე.წ. სტაფერების ვიზიტი. მათ აქვთ სხვადასხვა შეხვედრა, მათ შორის პარლამენტშიც ექნებათ. მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ყოველთვის მზად ვართ ვისაუბროთ.

  • "გასაგებია, რომ ეს პოლიტიკური ხასიათის შეხვედრები ნაკლებად იქნება. ვინაიდან მრჩევლები არიან და შემდეგ ამბავს ჩაიტანენ იმ კონგრესმენებთან, ვისი მრჩევლებიც არიან, ალბათ მათთვის საინტერესოა მოისმინონ პირველწყაროდან, თუ რა ხდება სინამდვილეში საქართველოში და არ მოისმინონ ლორა თორნტონებისგან და ეკა გიგაურებისგან, რომლებიც საქართველოს მიმართ მტრული რიტორიკით არიან გამორჩეულები".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×