
ინდოეთში ახალი, ნიპას ვირუსის აფეთქება დაფიქსირდა, რის შემდეგაც რამდენიმე აზიურ აეროპორტში კვლავ ამოქმედდა COVID-19-ის პანდემიის მსგავსი ჯანმრთელობის კონტროლის პროცედურები.
ჯანდაცვის უწყებები მსოფლიოს მასშტაბით მაღალი სიფრთხილის რეჟიმში არიან, რადგან ვირუსს მაღალი სიკვდილიანობა ახასიათებს და მის წინააღმდეგ დამტკიცებული მკურნალობა არ არსებობს. არსებული მონაცემებით, ინფიცირებულთა 40–75% ფატალურად ასრულებს დაავადებას.
განგაშის სიგნალი იანვრის დასაწყისში ჩაირთო, მას შემდეგ რაც ინდოეთის დასავლეთ ბენგალის შტატში 5 ადამიანს დაუდასტურდა ინფექცია.
The Telegraph-თან საუბრისას ჯანმრთელობისა და ოჯახის კეთილდღეობის დეპარტამენტის მთავარი მდივანი ნარაიან სვარ ნიგამი აცხადებს, რომ „კერძო საავადმყოფოს ორი მედდა ნიპას ვირუსით არის ინფიცირებული, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.“
გამოცემა The Independent-ის ცნობით, 26 იანვრის მდგომარეობით, დაახლოებით 100 ადამიანი კარანტინში იმყოფებოდა.
ვირუსის ხუთი დადასტურებული შემთხვევის შემდეგ, ტაილანდმა, ნეპალმა და ტაივანმა აეროპორტებში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს, რაც COVID-19-ის დროს მოქმედი რეგულაციების მსგავსია. ეს მოიცავს სხეულის ტემპერატურის კონტროლს, პირბადის ტარებასა და უსაფრთხო დისტანციის დაცვას ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით.
რა არის ნიპას ვირუსი?
ნიპას ვირუსი ზოონოზური ინფექციაა, რაც ნიშნავს, რომ იგი ცხოველებიდან ადამიანზე გადადის. მისი ძირითადი მატარებლები არიან ხილის ღამურები და ღორები. ვირუსი ასევე შეიძლება გავრცელდეს დაბინძურებული საკვების მიღებისას ან უშუალო ადამიანიდან ადამიანზე კონტაქტით.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, ნიპას ვირუსის სიკვდილიანობა 40–75%-ს აღწევს, რაც მას უკიდურესად საშიშ ინფექციად აქცევს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს არც ვაქცინა და არც სპეციალური მედიკამენტი, რომელიც ადამიანებს ან ცხოველებს ნიპას ვირუსისგან დაიცავდა ან მკურნალობას უზრუნველყოფდა.
რა სიმპტომები ახასიათებს დაავადებას?
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ინფორმაციით, ინფიცირების საწყის ეტაპზე დაავადება ხშირად გრიპის მსგავს სიმპტომებს იწვევს. პაციენტებს აღენიშნებათ ცხელება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი და საერთო სისუსტე.
ზოგიერთ შემთხვევაში ვითარდება სასუნთქი სისტემის გართულებები - ხველა, ქოშინი ან პნევმონია.
ნიპაჰის ვირუსის ყველაზე მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში გართულება ენცეფალიტია - თავის ტვინის შეშუპება, რომელიც იწვევს ნევროლოგიურ სიმპტომებს: ცნობიერების დაბინდვას, დეზორიენტაციას, გულყრებს და მძიმე შემთხვევებში - კომას.
ინკუბაციური პერიოდი, ანუ დრო ინფიცირებიდან პირველი სიმპტომების გამოვლენამდე, ჩვეულებრივ 4-დან 21 დღემდე გრძელდება. ნევროლოგიური ნიშნები კი ხშირად რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ ვლინდება.
სად დაფიქსირდა ადრე აფეთქებები?
ნიპას ვირუსის პირველი აფეთქება 1998 წელს მალაიზიაში ღორის ფერმერებს შორის დაფიქსირდა და მოგვიანებით მეზობელ სინგაპურშიც გავრცელდა. ვირუსმა სახელი იმ სოფლისგან მიიღო, სადაც ის პირველად აღმოაჩინეს.
ვირუსის გავრცელების შეკავების მცდელობისას 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და მილიონი ღორი დახოცეს. ამან ასევე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალი მიაყენა ფერმერებს.
ბოლო წლებში ნიპას ვირუსით ყველაზე მეტად ბანგლადეში დაზარალდა, 2001 წლიდან ამ დაავადებით 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ვირუსი 2001 და 2007 წლებში ასევე დაფიქსირდა ინდოეთში.
წყარო:allnews.ge