რეზონანსი
28.01.2026

ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნულ კონცეფციაში წარმოდგენილი ცვლილებები არ ემსახურება თანამედროვე, კრიტიკულ და კონკურენტუნარიან განათლებას, ის ემსახურება ჩაკეტილ, კონსერვატიულ და კონტროლირებად სისტემას, –  ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია დაელოდება პარლამენტში წარდგენილ კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივებს და თითოეულ მათგანს ოპონირებას გაუწევს.

„უპირველესად, მინდა გამოვეხმაურო გუშინდელ ფაქტს. შევიტყვეთ, რომ „ოცნების“ მთავრობამ გამოსცა განკარგულება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის დამტკიცების შესახებ.

როგორც უმაღლესი განათლების სფეროში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შემთხვევაში, აქაც ნათლად იკვეთება ერთი და იგივე მიზანი, განსხვავებული აზრის გაქრობა საზოგადოებრივი სივრციდან, პარტიული ვერტიკალისთვის კიდევ მეტი დაქვემდებარება, აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა და არა განათლების სისტემაში არსებული რეალური გამოწვევების აღმოფხვრა.

დამტკიცებული კონცეფცია არ პასუხობს ჩვენს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს. მისი რეალური მიზანი არის ქვეყნის ახალი თაობის იზოლირება ევროპული მომავლისგან და საქართველოს მოქალაქეების კიდევ უფრო მეტად ჩამოშორება ევროპულ და დასავლურ საგანმანათლებლო სივრცეებს. კონცეფციაში წარმოდგენილი ცვლილებები არ ემსახურება თანამედროვე, კრიტიკულ და კონკურენტუნარიან განათლებას, ისინი ემსახურება ჩაკეტილ, კონსერვატიულ და კონტროლირებად სისტემას.

ჩვენ დაველოდებით საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივებს და თითოეულ მათგანს ოპონირებას გავუწევთ. დაწყებული გვაქვს, ასევე, კონსულტაციები განათლების სფეროს ექსპერტებთან, პედაგოგებთან და მშობლებთან. ვისაც სურვილი აქვს შემოგვიერთდით“, – განაცხადა ხვედელიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია დაამტკიცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×