
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის, 52 წლის სიმონ (სოსო) წაქაძის ცხედარი 26 იანვარს, სუს-ის შენობასთან, "ჰიუნდაის" მარკის ავტომობილში ნახეს. პროკურატურის განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, მანქანაში ნახეს წერილიც, თუმცა მისი შინაარსი ჯერჯერობით არ ხმაურდება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ გარდაცვლილი მამაკაცი ანტიკორუფციული სააგენტოს ძალიან გამოცდილი და ღირსეული თანამშრომელი იყო, რომელიც ყველას ძალიან უყვარდა.
სოსო წაქაძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მეორე სვირიდან იყო. მას და მის ოჯახს მთელი სოფელი იცნობს და ყველა განიცდის მომხდარს. გარდაცვლილი უკვე მიასვენეს მშობლიურ სოფელში. თანასოფლელებს ძალიან უკვირთ მომხდარი, ამბობენ, რომ მთავარ კითხვაზე პასუხს გამოძიებისგან ელოდებიან. მათი თქმით, სოსო დეპრესიული ადამიანი არ იყო.
"ძალიან კარგი პიროვნება იყო, მასზე ცუდს ვერავინ იტყვის. პატიოსანი, გადასარევი ოჯახის შვილი, თვითონაც კარგი ცოლ-შვილის პატრონი.
სოსომ არაჩვეულებრივი ოჯახი შექმნა, სოფო, მისი მეუღლე, ძალიან კარგი ადამიანია, სამი შვილის მამა იყო, სამი ქალიშვილის, ჰყავს ტყუპი გოგონები და მერე კიდევ შეეძინათ გოგონა, რომელიც სკოლის მოსწავლეა. ძალიან თბილი ადამიანი იყო, ყველას დამხმარე, ყველას გვერდში მდგომი, რა მოხდა და რატომ, არ ვიცით. დედამისი ღირსეული და დამსახურებული პედაგოგია, ახლა პენსიაშია. მამა გარდაცვლილი ჰყავს.
სოსოს მეუღლე - სოფო უცხოეთშია, თითქმის 8 წელია, რაც ემიგრანტია, შარშან იყო ჩამოსული.
ალბათ სადღაც ერთი თვის წინ ვნახე სოსოს დედა, გვიყვებოდა, - სოსომ ოპერაცია გაიკეთა და ახლა ძალიან კარგად არისო. უხაროდა ოპერაციის შემდეგ რომ დაიკლო წონაში. მსუქანი ბიჭი იყო და უჭირდა მოძრაობა. როგორც დედამ გვითხრა, - საუკეთესო ექიმთან და საუკეთესო კლინიკაში გაიკეთა ოპერაცია...
სოსოს ტყუპი გოგონები უკვე დიდები არიან, ერთი ქალიშვილი ჩვენს სოფელში - მეორე სვირში გათხოვდა, ამაყობდა კიდეც სოსო, - თბილისში გაზრდილმა გოგომ სოფელში მოინდომა ცხოვრებაო.
პატარა გოგონა სკოლის მოსწავლეა. მისი მეუღლე ემიგრაციაში რომ წავიდა, სოსოს დედა, ქალბატონი გულიკოც წავიდა თბილისში. ის იყო შვილიშვილებთან, ეხმარებოდა სოსოს შვილების აღზრდაში. ამ ტრაგედიის დროსაც ქალბატონი გულიკო თბილისში იყო.
შოკირებული ვართ ამ ამბით და ვერ აგვიხსნია, რატომ უნდა მოეკლა სოსოს თავი. დეპრესიული ადამიანი არ იყო, სულ ღიმილით მხვდებოდა... ქალბატონ გულიკოსთან ძალიან ხშირად მქონდა კონტაქტი, მაგრამ არასდროს უთქვამს, რომ რაიმე სერიოზული პრობლემები ჰქონდა სოსოს.
ოჯახს ერთი დიდი ტრაგედია წლების წინ დაატყდა თავს - სოსოს მოზარდი დისშვილი გარდაიცვალა. ეს უმძიმესი ტრავმა იყო მთელი ოჯახისთვის, ქალბატონი გულიკოსთვის და ახლა სოსოს დაღუპვით გამოწვეული ტკივილი დაემატა.
როგორც გავიგე, მისი მეუღლე ხუთშაბათს ჩამოვა ემიგრაციიდან და აქ ასეთი მძიმე ამბავი დახვდება”, - განუცხადა "ამბებს" გარდაცვლილის თანასოფლელმა.
წყარო: www.ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე