კომისიის ახლად დანიშნული თავმჯდომარე "რეზონანსს" სამოქმედო გეგმაზე ესაუბრა
თამარ ვეფხვაძე
27.01.2026

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების შემცირებას უკავშირდება, საპარლამენტო კომისიაც ამუშავდება. სამთავრობო კომისიის პარალელურად, უკვე მომავალი კვირიდან, მუშაობას დაიწყებს საპარლამენტო კომისიაც, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს. 

კომისია მომავალ კვირაში შეიქმნება და დეტალებიც შემდეგ გახდება ცნობილი. გარდა, "ქართული ოცნების დეპუტატებისა, "ხალხის ძალას“ კომისიაში ორი წარმომადგენელი - ეკა სეფაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ეყოლება.

სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს კი, "ფასების კომისიის" წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე ათეულ სადისტრიბუციო და სასურსათო პროდუქტის რეალიზაციის ქსელში შევიდნენ და დოკუმენტაცია მოითხოვეს. 23 იანვარს "ფასების სამთავრობო კომისიამ" პრემიერის ანონსის შესაბამისად შეხვედრა დისტრიბუტორებთან გამართა. 26 იანვარს მარკეტების და დისტრიბუციის შემდეგ "ფასების სამთავრობო კომისია" მწარმოებლებს შეხვდა.

მიმდინარე კვირაში კი შეხვედრები მედიკამენტების და საწვავის კომპანიებთანაა დაგეგმილი.

„რეზონანსი“ დაინტერესდა, კონკრეტულად, რას შეისწავლის საპარლამენტო კომისია და რა მიმართულებით აპირებს მუშაობას? ჩვენს კითხვებს კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა უპასუხა. 

„რეზონანსი“: ბატონო შოთა, რა არის საპარლამენტო კომისიის მუშაობის მიზანი?

შოთა ბერეკაშვილი: ჩვენი მიზანია, შევისწავლოთ საოპერაციო პროცესები ბიზნესში და გავერკვიოთ, თუ რა ქმნის ასეთ მაღალ ფასს და საიდან წარმოქმნება ის. მიგვაჩნია, რომ სწორი მიდგომებით მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გვაქვს იმისთვის, რომ შევძლოთ ფასების შემცირება. 

ვაპირებთ, ამ პროცესში შევხვდეთ ბიზნესის წარმომადგენლებს, იქნება ეს დილერები, დისტრიბუტორები, მწარმოებლები თუ იმპორტიორები. შევისწავლოთ საოპერაციო პროცესები ბიზნესში და გავერკვიოთ თუ რა ქმნის ასეთ მაღალ ფასწარმოქმნას. შესაბამისად, ჩვენი მიზანი იქნება, რომ ბიზნესთან ერთად შევძლოთ ოპტიმიზაცია პროცესების, რაც საბოლოო ჯამში, გამოიწვევს საკვებ პროდუქტებსა და სწრაფი მოხმარების საგნებზე ფასების შემცირებას. 

ეს არის აღნიშნული კომისიის მიზანი და მიგვაჩნია, რომ სწორი მიდგომებით შეგვეძლება პროდუქციის გაიაფება. ეს უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთად, ბიზნესთან ერთად და ჩვენ სწორად უნდა დავგეგმოთ, რა პროცესები არის ამისთვის საჭირო, როგორ შევძლოთ ოპტიმიზაცია, რომ ბიზნესმა უფრო ეფექტურად იმუშაოს და ეს აისახოს სამომხმარებლო ფასების შემცირებაზე.

„რ“: გეგმავთ თუ არა საკანონმდებლო ცვლილებებს ამ პროცესში? 

შ.ბ: საპარლამენტო კომისიის ამოცანაა, სწრაფი მოხმარების პროდუქტებისსექტორში ფასების ფორმირების პრობლემების იდენტიფიცირება და იმ სტრუქტურული მიზეზების გამოვლენა, რომლებიც საქართველოში დღევანდელ რეალობაში სამომხმარებლო ფასების მაღალ დონეს განაპირობებს.

პირველ ეტაპზე ვგეგმავთ ბაზრის სტრუქტურისა და სექტორის მონაწილეებს შორის ურთიერთობების სისტემურ ანალიზს. ეს მოიცავს მწარმოებლებს, იმპორტიორებს, დისტრიბუტორებსა და საცალო ვაჭრობის ქსელებს შორის კონკურენციის ხარისხის, მოლაპარაკების ძალაუფლების და კომერციული ურთიერთობების მოკვლევას.

შემდეგ ეტაპზე კომისიის ყურადღება გამახვილდება სექტორში მონაწილე კომპანიების საოპერაციო პროცესების დეტალურ ანალიზზე ფასების ფორმირების ჯაჭვის თითოეულ რგოლში. ასევე, შევისწავლით სექტორში მონაწილე კომპანიების კაპიტალის სტრუქტურას, კორპორაციული დაკრედიტების დონეს და მის შესაძლო გავლენას პროდუქციის საბოლოო ფასების ფორმირებაზე. 

„რ“: რა პრევენციული ზომები გატარდება, რომ მომავალში ფასები ისევ არ გაიზარდოს?

შ.ბ: კომისიის მუშაობა წარიმართება კერძო სექტორთან აქტიური დიალოგით და კოორდინაციით, რათა ბიზნესისთვის შეიქმნას გამჭირვალე და პროგნოზირებადი გარემო. საერთო ძალისხმევით უნდა მოხდეს ბაზრის გაჯანსაღება და საოპერაციო პროცესების ხარჯეფექტურობის გაზრდა, რაც გამოიწვევს უფრო კონკურენტულ საბაზრო გარემოს და პროდუქტებზე ფასების შემცირებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×