
დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარაბულახში ქმარმა ცოლი მოკლა. დანაშაული გულიევების საცხოვრებელ სახლში მოხდა. ჩვენი ინფორმაციით სპანდიარ გულიევმა ცოლს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. მიყენებული დაზიანებებით ქალი გარდაიცვალა. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
როგორც ამბობენ, მომხდარს წინ უძღოდა კონფლიქტი. ადგილობრივები გვიდასტურებენ, რომ დაკავებულია მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი.
"ახლა მივდივარ შემთხვევის ადგილზე. გიდასტურებთ, რომ მკვლელობა მოხდა. მკვლელობა ჩაიდინა სპანდიარ გულიევმა, მოკლა ცოლი. რატომ მოკლა, ეს ჯერ არ ვიცი. მალე ვიქნები იქ და მეტი დეტალი მოგვიანებით მეცოდინება. ისე ადგილობრივ ხელისუფლებას არ გვქონდა არანაირი ინფორმაცია იმაზე, რომ ამ ოჯახში რაიმე კონფლიქტი იყო და რომ ეს კაცი ცოლზე ძალადობდა. რა მოხდა არ ვიცი ჯერ. გზაში ვარ" - განუცხადა "ამბებს" მერის წარმომადგენელმა სოფელ კარაბულახიში ზულფუგარ მიქაილოვმა.
მომხდარ მკვლელობაზე ინფორმაცია აქვს აქტივისტს სამირა ბაირამოვასაც.
"დღეს მომხდარა ეს ამბავი. ძალიან სანდო ადამიანისგან მაქვს ეს ინფორმაცია. მამაკაცმა ცოლი მოკლა. მკვლელობა დღეს დილის საათებში მომხდარა. შემთხვევის შემდეგ ბრალდებულს თურმე ცოლის ცხედარი დმანისის პოლიციის განყოფილებაში მიუტანია და დანაშაულიც აღიარა. თვითონ ჩაბარდა პოლიციას, ახლაც პოლიციის განყოფილებაში ჰყავთ და დაკითხვა მიმდინარეობსო. რატომ მოკლა ცოლი, ამაზე ინფორმაცია ჯერ არ მაქვს. ვიცი რომ მოკლული ახალგაზრდა ქალია. წყვილს სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. თუ მეტი ინფორმაცია მექნება, დამატებით მოგაწვდით" -განაცხადა ბაირამოვამ.
დანაშაულის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. გამოძიება დაწყებულია.
წყარო: www.ambebi.ge