მსოფლიოში ამჟამდ ვერცხლის დეფიციტი შეინიშნება. ინდუსტრიული პროდუქტების წარმოებაში და უახლოეს პერიოდში ვითარება სასიკეთოდ არ შიეცვლება
ქეთო გოგოხია
27.01.2026

გლობალურ ბაზრებსა და უკვე საქართველოშიც ოქროს ფასი მკვეთრად გაიზარდა, თანაც ოქროსთან შედარებით, მისი გაძვირების მასშტაბი გაცილებით სწრაფია. თუკი ორწლიან ჭრილში ოქრო დაახლოებით 150%-ით არის გაძვირებული, ვერცხლის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 600%-ს შეადგენს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ტენდენცია გაგრძელდება.

ბოლო პერიოდის განმავლობაში ძვირფასი ლითონების გაძვირება კავშირშია გეოპოლიტიკური რისკების ზრდასთან და მიმდინარე კონფლიქტების ესკალაციასთან. მართალია, ასეთი მოცემულობა ინვესტორებისთვის არახელსაყრელია, თუმცა ოქროს და ვერცხლის ღირებულება სწორედ ასეთი რისკების დაგროვების ფონზე იზრდება.

ამ დროისთვის ლონდონის ბირჟაზე 1 უნცია ვერცხლის ღირებულება 112 დოლარს შეადგენს. საქართველოში 999-სინჯიანი 1 გრამის ფასი 9.97 ლარია, ხოლო 800-სინჯიანი 1 გრამი ვერცხლის შეძენა 7.60 ლარად არის შესაძლებელი.  

ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ძვირდება ვერცხლი, მის დეფიციტს უკავშირდება, რაც მას უფრო ღირებულს ხდის. სამრეწველო და ძვირფასი ლითონი ბევრად უფრო მეტი რაოდენობით მოიხმარება, ვიდრე მაღაროებში მისი მოპოვება და შემდეგ კი დამუშავება ხდება. 

სპეციალისტების ინფორმაციით, ამჟამად ვერცხლის სიმცირე შეინიშნება. ინდუსტრიული პროდუქტების წარმოებისთვის მნიშვნელოვან ამ ძვირფასი ლითონზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. უმნიშვნელო გაიაფების შემდეგ, 2026 წლის დასაწყისიდან მისი ფასი კიდევ უფრო დიდი სისწრაფით იზრდება.

აღნიშნულ ტენდენციებთან დაკავშირებით,,ბიზნეს-რეზონანსს" ანალიტიკოსი ნიკა შენგელიამ ესაუბრა და აღნიშნა, რომ ვითარება ახლო და საშუალო პერსპექტივაში არ შეიცვლება.

,,ჩვენი პროგნოზი, რომ მკვეთრად მოიმატებდა ოქროს ფასი, ახდა. 2018 წლიდან მოყოლებული ვამბობთ ასე, რომ შეიქმნება ცალკე სავალუტო რეგიონები, რაც ჩამოყალობდა კიდეც. ოქროს ფასის სწრაფი ზრდა ბოლო პერიოდში ახლო აღმოსავლეთში ირანთან დაკავშირებული პროცესებით არის გამოწვეული. 

იქიდან გამომდინარე,მ რომ ვერცხლი ასევე ფერადი ლითონია, მომხმარებელი მისდამი დიდ ინტერესს იჩენს და ეს ჩანს კიდეც საფასო დინამიკაში. თუ  მოხდა ისე, რომ, მაგალითად, ჩაიძიროს აშშ-ს სამხედრო ხომალდი, ეს გამოიწვევს ოქროს და ვერცხლის კოლოსალურ გაძვირებას და დოლარის გაუფასურებას. 

მართალია, ტექნოლოგიებში ვერცხლი ნაკლებად გამოიყენება, პალადიუმისგან განსხვავებით, თუმცა მასზე მოთხოვნა სწრაფად მატულობს. ვერცხლის მოხმარება იზრდება ისეთი ზოგადი ტენდენციების გამო, როგორიცაა ელექტრონული მობილობა, ხელოვნური ინტელექტი ან თუნდაც მარტივი სამომხმარებლო ნივთები, მაგალითად, ანტიბაქტერიული სპორტული ტანსაცმლის წარმოება. ლითონის გადამუშავების გზით აღდგენა კი ძალიან მცირე დოზით ხდება, მოპოვება და ჩამორჩება. მოპოვება ვერ ეწევა მოთხოვნის ტემპს", - აღნიშნა ანალიტიკოსმა "რეზონანსთან" საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ ვერცხლი ძვირდება საქართველოშიც და უკვე აქამდე არნახულ ფასს მიაღწია. ძვირფასი ლითონის ბაზრის წამყვანი ექსპერტის, პროფესორ ხათუნა გაჩეჩილაძის ინფორმაციით, ინვესტორები ოქროს და ვერცხლს პორტფელის დივერსიფიკაციის და გლობალური კრიზისებისგან თავის დაზღვევის მიზნით ყიდულობენ. 

,,ოქროსგან განსხვავებით, ვერცხლის მხოლოდ ნახევარი გამოიყენება ინვესტიციის სახით, დანარჩენი კი რეალურად მოიხმარება. ეს არის ერთადერთი ძვირფასი ლითონი, რომელიც ბევრი მყიდველისთვის უბრალო სამრეწველო ლითონია და მეტი არაფერი, რომელსაც ის სხვა ვერაფრით ჩაანაცვლებს. 

მოგეხსენებათ, ქართული ბაზარი საერთაშორისო ფასებსა და ტენდენციებზე მიბმულია. შესაბამისად, გარკვეული გავლენა აქაც იგრძნობა. მოთხოვნა სხვადასხვა პერიოდში განსხვავებულია. ოქროსა და ვერცხლზე ახლა მსოფლიოში იმდენად რეკორდული ფასებია, რომ მოლოდინიც დიდად ოპტიმისტური არ გვაქვს. 

მიუზედავად ყველაფრისა, საქმე კრიზისამდე ნამდვილად არ მისულა და არც მივა. ეს არის ძვირფასი ლითონის ბაზარი, რომელიც ყველა სიტუაციაში იქცევს ყურადღებას და ფასის გავლენას მარტივად  განიცდის. მოთხოვნა ჯერჯერობით აქტიურია, მიუხედავად იმისა, რომ ოქრო და ვერცხლი საკმაოდ ძვირი ღირს. სავარაუდოდ,  კიდევ მოიმატებს ფასი, სანამდე მივა ეს პროცესი, პროგნოზი  ძალიან რთულია", - აღნიშნა ხათუნა გაჩეჩილაძემ ,,რეზონანსთან" საუბრისას.

ამდენად, ვერცხლის გაძვირება, ისევე როგორც ოქროსი,  მსოფლიოს მასშტაბით გეოპოლიტიკური რისკების ზრდით არის განპირობებული.

რაც შეეხება საქართველოსთვის ვერცხლის საიმპორტო ბაზრებს, არსებული მონაცემით, ქვეყანაში ვერცხლი უმეტესად ტაილანდიდან, ინდოეთიდან, იტალიიდან, ჩეხეთიდან და თურქეთიდან შემოდის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×