
აფხაზური მხარე ამტკიცებს, რომ ბრიტანელი მოქალაქე ჯაშუშობის გამო დააკავეს და „გააძევეს საქართველოში". მათივე მტკიცებით, აფხაზეთში არსებული კავშირებისა და კონტაქტების გამოყენებით, მან შეიმუშავა პროექტი, რომელიც საშუალებას აძლევდა მიეღო ინფორმაცია „რესპუბლიკაში" რუსული და აფხაზური სამხედრო ობიექტებისა და სხვა ინფრასტრუქტურის ადგილმდებარეობის შესახებ. რამდენად რეალურია ეს და ვინ არის ეს ადამიანი სინამდვილეში?
დაკავებული კულდიპ სინგჰია. აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკითხვის დროს მან განაცხადა, რომ დაახლოებით 13 წლის განმავლობაში მუშაობდა ბრიტანული პოლიციის ერთ-ერთი ქვედანაყოფის დაზვერვის დეპარტამენტში.
„ის რესპუბლიკაში საქართველოდან ჩამოვიდა. სოხუმის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ბრიტანეთის მოქალაქის ქვეყანაში ყოფნა არასასურველი იყო", - აცხადებენ აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი, პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ბრიტანეთის მოქალაქეს ჯაშუშობა დააბრალეს, ვინაიდან ასე რომ ყოფილიყო, მარტივად არ გაუშვებდნენ.
„აშკარად ჩანს, რომ ეს კაცი ხელმოცარული, უმუშევარი იყო, რომელიც რუსეთშიც იმყოფებოდა და მერე საქართველოში ჩამოვიდა. სავარაუდოდ, საბუთები წესრიგში არ ჰქონდა, შესაძლოა ბრიტანეთის პასპორტს ვადა გაუვიდა და თავიდან მოიცილეს.
- „ჯაშუშის შთაბეჭდილებას არ ტოვებს. ასე რომ ყოფილიყო, მარტივად არ გაუშვებდნენ. ალბათ რაღაც პრობლემა ჰქონდა ბრიტანეთში, ან საქართველოში რაღაცას გაურბოდა.
„აგერ, მეარაყიშვილი რომ გამოაგდეს და თქვეს ჯაშუშიაო, მართლა ასე ხომ არ იყო? რაღაც თავის მართლების მომენტია, თუ რატომ აგდებენ ადამიანებს. როცა არაფერი დაუშავებია, ყველაზე იოლია ასეთი რაღაც მოიგონონ.
„ზედმეტი თავის ტკივილი მოიშორეს. ეს არის ფორმალური, უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება. ციხეში რატომ უნდა ჩაესვათ და „სახელმწიფოს კმაყოფაზე" რატომ უნდა ყოფილიყო? ამიტომ გაუშვეს, რასაც მიზეზის თქმა სჭირდებოდა.
„ასეთი შემთხვევები ხშირია. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლების რეაგირება. საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ადამიანი იმყოფება, რა პრობლემები აქვს მას?
„ჯაშუშობის გარდა სხვა დანაშაულებებიც არსებობს. სავარაუდოდ, აფხაზეთში თბილისიდან არის გადასული. როგორ მოხდა ეს? როგორ გაატარეს ისეთი ადამიანი, რომელსაც საბუთები წესრიგში არ ჰქონდა? თუ აქ ყველაფერი წესრიგში იყო და ვადა იქ ამოეწურა? ბევრი კითხვებია, რაც საქართველოს უნდა გაერკვია. ყოველ შემთხვევაში, აქ პოლიტიკური მოტივები არ იკითხება", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".