რეზონანსი
27.01.2026

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავა. გამოძიება მას სასწრაფო დახმარების ავტომანქანების ტენდერის ხელოვნურად შეწყვეტასა და ბიუჯეტისთვის 2 მილიონ ლარზე მეტი ზიანის მიყენებას ედავება. აღსანიშნავია, რომ ღუდუშაური იმავდროულად აღნიშნული სამინისტროს შესყიდვების სატენდერო კომისიის თავმჯდომარე იყო.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 27 სექტემბერს საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე. ტენდერის საბოლოო ბენეფიციარი იყო სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ, ხოლო გამარჯვებულად გამოვლინდა ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი - 8 525 876 ლარი შესთავაზა.

აღნიშნული ტენდერი შეწყდა მინისტრის მოადგილის ილია ღუდუშაურის უკანონო დავალებით. მან ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება სხვა კომპანიისთვის უპირატესობის მინიჭების მიზნით. 2023 წლის 10 მაისს, მისი მითითებით, გამოცხადდა ახალი ტენდერი, რომლის პირობები მორგებული იყო ერთ კონკრეტულ პრეტენდენტზე, რის შედეგადაც სხვა კომპანიებმა მონაწილეობა ვერ მიიღეს.

წინასწარ შერჩეულ კომპანიას სამინისტრომ უსაფუძვლოდ გადაუხადა 2 138 196 ლარი, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

სასწრაფო დახმარების ავტომობილების 2 ტენდერი 2 შედეგით

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე მოცემული ინფორმაციის მიხედვით, 2022 წლის 27 სექტემბერს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა სამმა კომპანიამ - „ჯი-თი მოტორსმა“, „სტრადა მოტორსმა“ და Avto Engineering Holding Group Ltd-მა მიიღო. მაშინ ყველაზე ნაკლები თანხა 8 525 876 ლარი „სტრადა მოტორსმა“ შესთავაზა.

რაც შეეხება სხვა პრეტენდენტებს, „ჯი-თი მოტორსმა“ 12 682 670 ლარი, Avto Engineering Holding Group Ltd-მა კი 19 064 072 ლარი შესთავაზა.

თუმცა, როგორც საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს ტენდერი ილია ღუდუშაურის უკანონო დავალებით შეწყდა და მისი მითითებით, გამოცხადდა ახალი ტენდერი, რომლის პირობები მორგებული იყო ერთ კონკრეტულ პრეტენდენტზე, რის შედეგადაც სხვა კომპანიებმა მონაწილეობა ვერ მიიღეს.

შესყიდვების ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით, ახალი ტენდერი 2023 წლის 10 მაისს გამოცხადდა და შესაბამისად, მასში მონაწილეობა მხოლოდ „ჯი-თი მოტორსმა“ მიიღო. ამჯერად აღნიშნული კომპანიის მიერ შეთავაზებული თანხა 29 338 018 ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება კონკრეტულად „ჯი-თი მოტორსს“, სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ის 2007 წელს დაფუძნდა. ბოლო ამონაწერით, კომპანიის გენერალური დირექტორი თემურ უსტიაშვილია, 100%-იან წილს „ჯი-თი გრუპი“ ფლობს. ამ უკანასკნელის წილები კი თანაბრად ნაწილდება (33.33%) სამ პირზე - გიორგი გველესიანზე, გიორგი თავდიშვილზე და თემურ უსტიაშვილზე. „ჯი-თი გრუპის“ გენერალური დირექტორის პოსტი აქაც თემურ უსტიაშვილს უკავია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ „ტენდერების მონიტორის“ მიხედვით, „ჯი-თი მოტორსს“ მონაწილეობა მიღებული აქვს 424 ტენდერში, მოგებული კონტრაქტების საერთო ღირებულება კი 126 862 606 ლარს შეადგენს. ამავე მონაცემებით, „ჯი-თი მოტორი“ ტენდერებში ძირითადად იგებს. მის ანგარიშზეა 286 გამარჯვებული ტენდერი, მხოლოდ 93-ში წააგო. ამასთან, „ტენდერების მონიტორინგის“ მონაცემებით, 2213 გამარტივებული შესყიდვაზე ხელშეკრულებების საერთო ღირებულება 12 959 872 ლარს, 146 კონსოლიდირებული შესყიდვაზე კი 11 874 384 ლარს შეადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×