
იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციური პარტიების ნაწილი ახალ ერთობაზე საუბრობსა და შესაბამის დოკუმენტს ამზადებს, ოპოზიციური ფლანგზე კიდევ ერთი პოტენციური ალიანსის კონტურები იკვეთება. ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ მათ თავისი დამოუკიდებელი გზა აქვთ, თუმცა, თუ ვინმესთან თანამშრომლობას განიხილავენ, ეს მხოლოდ „ლელო" იქნება.
ანალიტიკოსები „რეზონანსთან" საუბარში არ გამორიცხავენ, რომ საბოლოოდ ოპოზიციურ ფლანგზე ორი ცენტრი ჩამოყალიბდეს - ერთის მხრივ „ლელო" და „გახარია საქართველოსთვის" და მეორეს მხრივ, „ნაცმოძრაობა" და ძირითადად მისგან სხვადასხვა დროს გამოყოფილი პოლიტიკური ჯგუფები: ენმ, „ახალი", „დროა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „ფედერალისტები", და „თავისუფლების მოედანი".
პარტიის „გახარია საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, მისი პოლიტიკური ძალა ოპოზიციურ გაერთიანებებში მონაწილეობას არ აპირებს, რადგან პარტიისთვის წითელი ხაზია ენმ და „მისი ნებისმიერი წარმონაქმნი".
„ხომ ერთიანდებიან ოპოზიციური პარტიები? გაერთიანდნენ, ოღონდ ჩვენ თავი დაგვანებონ ერთხელ და სამუდამოდ. მათთან არ ვაპირებთ არანაირ გაერთიანებას უამრავი მიზეზი გვაქვს. რაც გააკეთეს გაერთიანებისთვის, კარგად ვნახეთ 4 ოქტომბერს. ჩვენთვის წითელი ხაზია „ნაციონალური მოძრაობა", მათი ნებისმიერი წარმონაქმნი და მათთან ერთიანობა. ეს აქამდეც წითელი ხაზი იყო, ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნების დროს ვამბობდით და რაც 4 ოქტომბერს გააკეთეს, მის შემდეგ საერთოდ არანაირი შეხებაც კი არ გვაქვს მათთან. როგორ შეიძლება ვისაუბროთ ერთობაზე ისეთ პოლიტიკურ ძალებზე, რომლებმაც ასე გააძლიერეს „ოცნება" და დაასუსტა ოცნება.
„ის პარტიებიც ხომ ფაქტობრივად დაშლილი „ნაციონალური მოძრაობაა"?! შეიძლება შვიდივე არა, მაგრამ უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები არიან. ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა და ვიცით როგორ ვიბრძოლოთ „ოცნების" წინააღმდეგ.
„დავაზუსტოთ, პარტია „ლელოს" ეს არ ეხება. თუ ვინმესთან თანამშრომლობას განვიხილავთ, ისევ „ლელო" იქნება. მგონია, რომ ერთობის წვერი „ლელოც" არ გახდება", - განაცხადა შარაშიძემ „პალიტრანიუსთან".
აღსანიშნავია, „ლელოს" და ექსპრემიერის პარტიას უკვე აქვთ თანამშრომლობის გამოცდილება. გასული წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე მათ თბილისის მერობის საერთო კანდიდატი წარადგინეს, ხოლო საკრებულოების არჩევნებშ ცალ-ცალკე, საკუთარი საარჩევნო სიებით მონაწილეობდნენ.
ორი ოპოზიციური ცენტრის ჩამოყალიბების პერსპექტივა
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ლელო" და გახარიას პარტია მხოლოდ იმ შემთხვევაში ითანამშრომლებენ, თუ ორივე დარწმუნდება, რომ მომავალ არჩევნებზე ბარიერის გადალახვას ცალ-ცალკე ვერ შეძლებენ.
„ნეტა მართლა რაღაც ოპოზიციურ ცენტრს, ან ცენტრებს მოვესწრო... არცერთი არ წარმოადგენს პოლიტიკურ პარტიას, ანტიეროვნული დაჯგუფებებია.
„არიან ისინი, ვისაც სააკაშვილისა და „ნაცებისგან" ერთგვარი დისტანცირება უნდა და ამის საფუძველიც აქვთ. იციან, რომ რაც არ უნდა გააკეთონ, სააკაშვილთან ერთად მათ ხმას არავინ მისცემს და ცდილობენ თავისი ნიშა დაიკაონ.
„ლელოსა" და გახარიას პარტიის ალიანსს არ გამოვრიცხავ, მაგრამ მაშინ ერთიანი სახელი და სია უნდა ჰქონდეთ (ბლოკები აღარაა), ეს კი ამ ორი პარტიისთვის რთულია. კოალიციაც რომ იყოს, რომ პარტიული იდენტობა არ დაკარგონ, მაშინაც ერთიანი სია უნდა იყოს, ზუსტად ესაა მათთვის რთული. ეს კოალიცია გამორიცხული არაა მაშინ, როცა თავად დარწმუნდებიან, რომ ცალკ-ცალკე ბარიერსაც ვერ გადალახავენ და ერთად კი მაინც გადავლახოთ - ასეთ დონეზეა ლაპარაკი.
„მეორე ფლანგს რაც შეეხება, მათ არანაირად არ აქვთ ალიანსის პერსპექტივა. მათ არავითარი იდეები და იდეოლოგია არ აქვთ და ყველაფერზე წამსვლელი არიან. თან საქართველოში სოციუმისგან მათი ერთობის არანაირი დაკვეთა არაა. მათგან ყველას პარლამენტში შესვლა უნდა და ამის საშუალებას ეძებენ და ამაზე ვაჭრობენ. ასევე ვინ ჰყავთ ისეთი, ვინც შეიძლება მიზიდულობის ცენტრი გახდეს? მსგავსი ვინმე ამ ეტაპზე არაა.
„ახლა არაა ხალხში განწყობა, რომ „გაერთიანდით ყველა ერთის წინააღმდეგ". ვარდების რევოლუციის დროს სააკაშვილის ლოზუნგი იყო, რომ „დავივიწყოით ყველაფერი და ყველა ერთის წინააღმდეგ წავიდეთ". სხვათა შორის სააკაშვილი და ჟვანია რევოლუციამდე რამდენიმე დღით ადრე გაერთიანდნენ, მანამდე ერთმანეთს სულ ლანძღავდნენ, ამ გაერთიანებისკენ მხოლოდ პოლიტიკურმა მოცემულობამ უბიძგა. ახლა კი ხალხისგან ქარიზმატულ ლიდერზე დაკვეთა არანაირად არაა, თორემ გამოჩნდებოდა", - განაცხადა მამრაძემ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ, სავარაუდოდ, „ლელო" უფრო სხვა პროდასავლური ოპოზიციური პარტიებისკენ გადაიხრება. ვიდრე გახარიასკენ, თუმცა ორი ოპოზიციური ცენტრის ჩამოყალიბების პერსპექტივა არის.
„ლელო" უფრო სხვა პროდასავლური პარტიებისკენ გადაიხრება. რატომღაც მგონია, რომ ჯერ მცდელობა ექნება მათთან ითანამშრომლოს, თუმცა, გახარიასთან ალიანსიც გამორიცხული არაა. გახარიას პარტია თავის თამაშს თამაშობს, ის „ოცნებას" ოპონირებას უწევს, მაგრამ, ამავე დროს, მას ენმ-სთან არ სურს, თითქოს თავის ელექტორატი ჰყავს, ვინც იძახის - „არც „ქოცები", არც „ნაცები".
- „არ გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციურ ველზე მინიმუმ ორი ცენტრის ჩამოყალიბების პროცესი დაიწყოს.
„რაც შეეხება დანარჩენ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს. მათი გაერთიანება შესაძლებელია, ოღონდ არ მგონია, რომ ერთი პარტია შეიქმნას. შესაძლოა რაღაც ალიანსი, კოალიცია, ან შესაძლოა რაღაც საკოორდინაციო სტრუქტურა შექმნან", - განაცხადა ჩიტაძემ.
რას შეცვლის ახალი შესაძლო მოცემულობა
პეტრე მამრაძე გვეუბნება, რომ თეორიულად, თუ ეს ორი ცენტრი ჩამოყალიბდა, პოლიტიკურ ველზე დიდად მაინც არაფერს არ შეცვლის.
„დიდ არაფერს არ შეცვლის. აქ მთავარია მათი ელექტორალური ბაზა ამ ცენტრების ჩამოყალიბებით გაიზრდება თუ არა. ამას ნამდვილად არ ველი, რადგან 2024 წლის არჩევნებისა და საპროტესტო გამოსვლების შემდეგ მათი რეიტინგები მხოლოდ დაეცა.
- „გადაჯგუფებით რეიტინგები არ გაიზრდება, შეიძლება მხოლოდ დაიკლოს, რადგან შეიძლება ვიღაცას „გირჩი" ჯაფარიძე მოსწონდეს და ის რომ მელიას, ან გვარამიას შეეკვრას არ მოეწონოს და ხმა არ მისცეს", - განაცხადა მამრაძემ.
ნიკა ჩიტაძე გვეუბნება, რომ თუ ორმა ოპოზიციურმა ცენტრმა მაქსიმუმი დადეს, როგორც ელექტორატის, ისე დასავლეთთან მუშაობის მხრივ, შესაძლოა პოლიტიკურ ველზე არსებული მოცემულობა შეიცვალოს.
„თუ ეს ორი ცენტრი ოპოზიციურ ველზე გარკვეულ პერსპექტივას დასახავს, მათ შორის უფრო მეტი კავშირი იქნება და გარკვეული დადებითი პროცესები შეიძლება წავიდეს. ოღონდ მხოლოდ გაერთიანება ვერავერს შეცვლის, მუშაობაა საჭირო, მათ შორის დასავლეთთან, რათა სანქციების აუცილებლობაში დაარწმუნონ „ოცნების" დასასუსტებლად. თუ ეს მაქსიმუმი დადეს, მაშინ შეიძლება შედეგიანი იყოს ეს ალიანსები და „ოცნება" აიძულონ ახალი არჩევნების ჩაატაროს. ჯერჯერობით ამის რესურსი არაა", - განაცხადა ჩიტაძემ.