
უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მექანიზმია, რომლის ფარგლებშიც წევრი სახელმწიფოები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ანგარიშს 5 წელიწადში ერთხელ წარადგენენ. სხდომაზე გაკეთებული განცხადებები პოლიტიკური შეფასების თემაა თბილისში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არაერთი რეფორმა განახორციელა და შესაბამისი სტრატეგიაც შეიმუშავა.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სანამ აქციის მონაწილეებს უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერა ექნებათ, მანამდე მათი კრიტიკა უსაფუძვლოდ ჩაითვლება.
"როცა ამბობ, კანონი რომ გამკაცრდა, არ ვარგაო, წინაპირობა განიხილე?! გამკაცრდა იმიტომ, რომ ამის გადაუდებელი აუცილებლობა დადგა ქვეყანაში. მიზანმიმართულად ხდებოდა ქვეყანაში ნორმალური ცხოვრების წესის ნგრევა, საბოტაჟი და ა.შ. ხელისუფლება იძულებული გახდა, რომ გაემკაცრებინა. ამას თუ არ დაინახავ, მაშინ ადვილია თქვა, რომ ჯარიმა თუ იყო 5 და გახდა 10 ლარი, ჯობდა, ყოფილიყო 5 ლარი.
ისინი, ანალოგიურ გამკაცრებებს, საკუთარ ქვეყანაში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, სიმშვიდისა და კანონიერების დაცვად აღიქვამენ. მათ თუ აქვთ საზოგადოების დაცვის უფლება, ჩვენ რატომ არ გვაქვს ეს უფლება.
სანამ, რევოლუციის კულტივაციას, საზოგადოებრივი წესრიგის მიზანმიმართულად დარღვევას, ქვეყნის ცხოვრების პარალიზებას, ამბოხების პროვოცირებას მათი მხარდაჭერა ექნება, მათი კრიტიკა საფუძველს მოკლებული იქნება ", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.